საგარეო უწყება იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც გაერო-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, მადლობას უხდის

საგარეო უწყება იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც გაერო-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც დევნილების დაბრუნების უფლების შესახებ გაერო-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, მადლობას უხდის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ'მიღებული რეზოლუციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

„2012 წლის 3 ივლისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ". გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუცია პირველად 2008 წელს მიიღო და მას შემდეგ ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას ყოველწლიურად ადასტურებს. რეზოლუცია ასევე ყურადღებას ამახვილებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლების დაცვასა და პატივისცემაზე.

რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს გმობს და ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად ძალისხმევა გააქტიურონ. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია გაერო-ს გენერალურ მდივანს ავალდებულებს, დევნილი მოსახლეობის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ გენერალურ ასამბლეას ყოველწლიურად მოახსენოს. გენერალური მდივნის შემდეგი მოხსენება აღნიშნულ საკითხზე 2013 წელს გამოვა. რეზოლუცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

 აღნიშნული დებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები ჰუმანიტარული მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ბლოკირებას განაგრძობენ. აღსანიშნავია, რომ 2011 წელთან შედარებით დოკუმენტის მხარდამჭერთა რიცხვი 57-დან 60 სახელმწიფომდე გაიზარდა. რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის თვალსაზრისით, არსებული პოზიტიური დინამიკა ადასტურებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იმ ჰუმანიტარული კატასტროფის მზარდ გაცნობიერებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ძალადობრივი დემოგრაფიული ცვლილებების შედეგად შეიქმნა“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.