გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლილოში ქლორის გაჟონვაზე პასუხისმგებლობას შპს „კრისტალს“ აკისრებს და აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„2012 წლის 3 იანვარს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ თხევადი ქლორის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ - შპს „კრტისტალმა“ და შპს „სენტინელი ჯი ემ ჯი“ - მ მიიღო. ტენდერი 2012 წლის 24 იანვარს დასრულდა. გაიმარჯვა „კრისტალმა“, რომელიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ „კრისტალთან“ ხელშეკრულება 2012 წლის 8 თებერვალს გააფორმა. ხელშკრულების პირობების თანახმად, „კრისტალს“ 2012 წლის 8 თებერვლიდან, მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე 50 ტონა თეხევადი ქლორის მოწოდება, შესაბამისი კონტეინერით, ეტაპობრივად უნდა განეხორციელებინა. კონტრაქტის პირობით ქლორის ტრანსპორტირებაზე, უსაფრთხოებასა და ქლორის ხარისხზე პასუხისმგებლობა „კრისტალს“ ეკისრებოდა. ხელშეკრულების შესაბამისად, დღემდე „კრისტალმა“ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ თხევადი ქლორი ეტაპობრივად, 3-ჯერ მიაწოდა. კონტრაქტის მე-6 მუხლის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი გადასცეს“, - ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში.