აღსრულების ეროვნული ბიურო ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოებას აგრძელებს და განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული #4/ა-131-12 და #4/ა-129-12 სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, დღეს, ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ზე სს „ქართუ ჯგუფში“ და აქციების 21.7%-ზე სს „პროგრეს ბანკში“ აუქციონი გამოცხადდა.
განცახდებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ზემოაღნიშნული აქციების შეფასება აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განახორციელა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.
„2012 წლის 2 ივლისს, გამოცხადდა აუქციონი (www.eauction.ge) ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ზე სს „ქართუ ჯგუფში“ და აქციების 21.7%-ზე სს „პროგრეს ბანკში“.
ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ზემოაღნიშნული აქციების შეფასება აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განახორციელა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.
ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ი სს ,,ქართუ ჯგუფში" ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული იქნა 151 880 661 ლარად, ხოლო აქციების 21.7%-ი სს „პროგრეს ბანკში" - 3 566 498 ლარად.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%, შესაბამისად სს ,,ქართუ ჯგუფში" ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის საწყისი ფასია 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში" კუთვნილი აქციების 21.7% საწყისი ფასი - 1 783 249 ლარი.
ასევე, გაცნობებთ, რომ მოვალის მიერ მასზე დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში, უქმდება ყველა სააღსრულებო ღონისძიება, შესაბამისად, წყდება აუქციონის მიმდინარეობა და იხსნება ქონებაზე დადებული ყადაღა.
აღსრულების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, სააღსრულებო სამსახური შემდგომშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ“,- ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.