არჩევნებამდე 4 თვით ადრე ქვეყანაში სამთავრობო კარუსელი დატრიალდა. პრეზიდენტის ბრძანებულებით, უკვე ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ჩაანაცვლა. გილაური მთავრობის საპარტნიორო ფონდს უხელმძღვანელებს, უცნობია ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს მერაბიშვილი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ შეიქმნა დასაქმების მინისტრის პოსტი დასაქმების სამინისტრომდე და მის ხელმძღვანელად პაატა ტრაპაიძე დაინიშნა.
როგორ აფასებს არჩევნებამდე 4 თვით ადრე ქვეყანაში განვითარებულ სამთავრობო ცვლილებებს, შს მინისტრის პრემიერ-მინისტრობა რამდენად წაადგება ქვეყანას სასიკეთოდ, გვემუქრება თუ არა პოლიციურ სახელმწიფოს გადაქცევა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტიურობის ფონზე, ეს ცვლილება განიხილება თუ არა ქვეყნის პრეზიდენტისთვის ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავლად, from.ge ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
კახა გოგოლაშვილი: ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ, საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობდა. ის მთავრობაში ყველაზე ძლიერი ფიგურა იყო, რომელსაც სტაბილური პოზიციები გააჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ მერაბიშვილი ძალიან წარმატებული მინისტრი იყო. ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუტებში ხარვეზები ძალიან ბევრი მიმართულებით არსებობს, რაც შეეხება პოლიციას, ეს ინსტიტუტი ნამდვილად, თავიდან ბოლომდე ჩამოყალიბდა და ამ მიმართულებით, ისეთი რეფორმების გატარება გახდა შესაძლებელი, რომელიც სხვა დარგებში ვერ მოხერხდა. ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მერაბიშვილი პრემიერის პოსტზე აღმოჩნდა. ალბათ, პრეზიდენტს სურს არჩევნებამდე უფრო სწრაფად მოახდინოს გარკვეული მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები უფრო შედეგიანი და ეფექტიანი გამოჩნდეს.
როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ვანო მერაბიშვილი წარმატებულ პრემიერ-მინისტრობას და ამ გადაწყვეტილებით ხომ არ დადასტურდა მოსაზრებები, რომ ქვეყანას პოლიციურ სახელმწიფოდ გადაქცევის საფრთხე ემუქრება...
მაშინ როდესაც საერთაშორისო ფაქტორების მხრიდან, საუბარი ქვეყნის დემოკრატიზაციასა და მეტ თავისუფლების გარანტიებზეა არამგონია აქ, რაღაც ესეთი გათვლა იყოს, რომ ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი უნდა დამყარდეს და დემოკრატია შეიზღუდოს. მითუმეტეს, არჩევნების წინ, „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არანაირ დივიდენდებს არ მოუტანს. ვფიქრობ, ეს მხოლოდ შიშებია და მეტი არაფერი. მიმაჩნია, რომ მსგავსი გათვლა, რომ ყოფილიყო ან პოლიციური რეჟიმის დამყარება თუ საჭირო იყო, მაშინ სჯობდა ვანო მერაბიშვილი, ისევ პოლიციაში დარჩენილიყო. არამგონია მთავარი მიზანი ეს იყოს, ასეთი ჩანაფიქრი, რომც იყოს, ვერც გაამართლებს, რადგან ხალხი არჩვენების წინ მეტ თავისუფლებას ითხოვს.
ვხედავთ კიდევაც, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი დათმობები მოხდა, დღეიდან კიდევ უფრო მეტი უნდა მოხდეს.
ინსტიტუტების კონსოლიდაცია და უფრო ენერგიული და ავტორიტეტული პიროვნების მეშვეობით მათზე კონტროლი ეფექტიანობის მომტანი იქნება. ვფიქრობ, წინა პრემიერ- მინისტრი ვერ სარგებლობდა ისეთი ავტორიტეტით, როგორითაც ვანო მერაბიშვილი სარგებლობს. ყოველშემთხვევაში, იმედია იმისა, რომ ალბათ, ის უფრო მეტად შეძლებს მინისტრების თავის გარშემო შემოკრებას, მათ მუშაობაზე მეტი კონტროლის დამყარებას, რომ ამ უწყებებმა უფრო მწყობრად, სწრაფად და ენერგიულად იმუშაონ, რათა მთელი მინისტრთა კაბინეტის მუშაობა უფრო რეზულტატიანი იყოს. ამას გილაური ვერ უზრუნველყოფდა. უბრალოდ, ის არ იყო ძლიერი ფიგურა.
აღნიშნეთ, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება რიგ დათმობებზე წავიდა. კონკრეტულად რა იგულისხმეთ?
მაგალითად, „მასთ ქერის“ და „მასთ ოფერის“ პრინციპის დანერგვა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ. ამ შემთხვევაში, აშკარად დათმობებზე წავიდნენ, საბოლოო ჯამში ხელისუფლება კანონს იღებს, რომლითაც საშუალებას აძლევს ყველა ტელევიზიას სადისტრიბუციო ქსელში მოახერხოს შეღწევა და საქართველოს მასშტაბით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება შეძლონ. ეს საკმაოდ წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია და ძალიან კარგია, რომ დათმობაზე წავიდნენ.
თუმცა რიგი ტელევიზიის ხელმძღვანელებისთვის და თუნდაც, ამ პრინციპის დანერგვაზე მომუშავე კამპანია „ეს შენ გეხებასთვის“ „მასთ ქერის“ და „მასთ ოფერის“ პრინციპის დანერგვა იმ ფორმულირებით რა ფორმულირებითაც მტკიცდება მიუღებელია... ვგულისხმობ პრინციპის ამოქმედების ხანგრძლივობასა და ამ პრინციპის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანქციის დაწესების მოთხოვნას...
ნამდვილად გეთანხმებით, რომ ამ მიმართულებით მართლაც, ერთი ნაბიჯია გადადგმული და წესით, მეორე ნაბიჯი უნდა გადაიდგას. აუცილებელია, ეს პრინციპი გრძელვადიანად დამკვიდრდეს, თუმცა, ახლა მთავარია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა. ვფიქრობ, ეს პრინციპი არჩევნების დროს თუ დამკვიდრდა და თავის თავი გამოაჩინა არჩევნების შემდეგ, უკან გადადგმა ამ ნაბიჯის შეუძლებელი გახდება. როგორც კი, არჩევნები ჩაივლის სადისტრიბუციო ქსელიდან ტელევიზიების განდევნა მოსახლეობაში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მოკლევადიანი პერიოდით მიიღეს დარწმუნებული ვარ გრძელვადიანად იმუშავებს.
როგორ ფიქრობთ, პრემიერ-მინისტრის ცვლილებამ რა სამთავრობო ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიან პერსპექტივაში ან როგორი შეიძლება იყოს ახალი მინისტრთა კაბინეტი?
ამის თქმა ძალიან მიჭირს. სხვადასხვა მინისტრების მიმართ ვანო მერაბიშვილის დამოკიდებულებას არ ვიცნობ, ამიტომ ამ თვალსაზრისით რაიმე ცვლილების განსაზღვრა ძალიან რთულია.
ვფიქრობ, რომ ცვლილება მასშტაბური არ იქნება. ის მხოლოდ ორ-სამ მინისტრს შეეხება.
უბრალოდ, მერაბიშვილი მინისტრებისგან სხვანაირ მუშაობას მოითხოვს.
ანუ ის უფრო პრინციპული და მომთხოვნი იქნება?
კი, ვფიქრობ მეტად მომთხოვნი იქნება და მინისტრებს ვიდრე წინა პრემიერ-მინისტრის დროს, მერაბიშვილის წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობა ექნებათ. პრაქტიკულად, წინა პრემიერ-მინისტრის დროს, მინისტრები მაინც გრძნობდნენ, რომ მხოლოდ პრეზიდენტს ექვემდებარებოდნენ. არამგონია წინა პრემიერ-მინისტრობის დროს, რაღაც ანგარიშვალდებულად გრძნობდნენ თავს, ახლა ამ შემთხვევაში კი, მერაბიშვილი შეძლებს, რომ მის წინაშე ყველა მინისტრი ანგარიშვალდებული იყოს და მინისტრთა კაბინეტმა უფრო ეფექტიანად იმუშაოს.
„ქართული ოცნებისა“ და ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის აქტიურობის ფონზე, პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის დანიშვნა, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რაღაც უკეთესი გამოსავლის ძიება ხომ არაა?
არაა გამორიცხული. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე „ქართული ოცნების“ აქტიურად გამოჩენამ კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ეს რა თქმა უნდა, მეტ სტიმულს აძლევს ხელისუფლებას ეფექტიანი მუშაობის გზები ეძებოს. სხვა შემთხვევაში, ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობის გამოუყენებლობის გამო, ნამდვილად დეგრადირება მოახდინა. ახლა ყველანაირად ეცდება ხელისუფლება აქტიურად იმოქმედოს და სხვადასხვა მიმართულებით, რაღაც ახალი გააკეთოს.
მინიმუმი დადებითი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ისაა, რომ ხელისუფლებას მეტი სტიმული მისცა. ფაქტია, რომ ასე არხეინად ვეღარ გააგრძელებენ მუშაობას, იმიტომ რომ ხედავენ არსებობს კონკურენტული ძალა, რომელსაც შეუძლია ინიციატივა თავის ხელში აიღოს, თუ ხელისუფლებამ ეს ინიციატივა დაკარგა.
მაშინ, როდესაც დასაქმების სამინისტრო არ შექმნილა, დასაქმების მინისტრის პოსტს როგორ განიხილავთ ?
დასაქმება მნიშვნელოვანი სფეროა. აქამდე დასაქმების პოლიტიკა და ამ მიმართულებით სტრატეგია კარგად ორგანიზებული და გააზრებული არ იყო. რაკი ახლა, დასაქმების მინისტრის პოსტი შემოვიდა, იმედია მწყობრი პოლიტიკა შემუშავდება და გააზრებული კარგად წარმოდგენილი მძლავრი ინსტიტუტი შეიქმნება, რომელიც დასაქმების პრობლემას სრულფასოვნად, საფუძვლიანად შეისწავლის.
პირველ რიგში, აქ კვლევაა ჩასატარებელი იმისთვის, თუ რა მიმართულებით აქვს პოტენციალი საქართველოს ხელი შეუწყოს დასაქმების პრობლემის აღმოფხვრას, აღრიცხვა და ადამიანების სამუშაო ძალების კლასიფიკაციაა საჭირო. იმედი მაქვს, დასაქმების მინისტრს ექნება ამბიცია, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ცვლილებები განახორციელოს.
სამთავრობო კარუსელში დასაქმების მინისტრის ჩართვა და არ არსებული სამინისტროს შესახებ საუბრები, ხელისუფლების არჩევნებისთვის მორიგ პიარ სვლად ხომ არ განიხილება?
რა თქმა უნდა, აქ შეიძლება პიარის ელემენტი იყოს, რაც არჩევნების წინ გამორიცხული არაა, მეორეს მხრივ, ეს საკითხი ორივე თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ. პიარის უკვე ადამიანებს საქართველოში ნაკლებად სჯერათ. ეს ხელისუფლების გამოცდილი ფანდია კომუნისტური დროიდან მოყოლებული. სააკაშვილის მთვრობაშიც ახალი მინისტრის დანიშვნა პიარის ელემენტის გამო ხშირად ხდებოდა, მაგრამ ახლა მგონია, ხელისუფლებას ესმის, რომ უბრალოდ პიარის დრო აღარ დარჩა. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში მათი მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის გზებს მართლაც ეძებენ, იმიტომ მათ ძლიერი კონკურენტი მართლაც გაუჩნდათ.
მიმაჩნია, რომ ასე ადვილად პიარის გაკეთება ვეღარ მოხერხდება, რომ დანიშნეს მინისტრი და მორჩა.
როგორ ფიქრობთ, ვანო მერაბიშვილის პრემეირ - მინისტრად დანიშვნა რამდენად მისაღები იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის მაშინ, როცა მის ოჯახს საქართველოში ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმე უკავშირდება, გირგვლიანის საქმეს ვგულისხმობ...
ეს მთელი პერიოდის განმავლობაში რა თქმა უნდა, მერაბიშვილს სახელს გარკვეულწილად ზიანს აყენებდა და აყენებს, მაგრამ მგონია, რომ მან თავისი საქმიანობით, დიდი შრომისუნარიანობითა და შრომის მოყვარეობით შეძლო თავის თავის დამკვიდრება თუ გნებავთ ქვეყნის შიგნით და საკმაოდ დადებითი იმიჯი აქვს ქვეყნის გარეთაც. ასე რომ, რა თქმა უნდა, არის შემთხვევა, რომელიც მინისტრის სახელს ზიანს აყენებს, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან ბევრი საქმეა გაკეთებული, რომელიც მას ზურგს უმაგრებს. შეიძლება ვთქვათ, რომ საბოლოო ჯამში, მისი გამოცდილება და დამსახურება მეტად მუშაობს.