თემა, რომელიც ტაბუდადებულია და მასზე არცერთი მხარე არ საუბრობს - საეკლესიო და საერო ხელისუფლების დაპირისპირება და ფლირტი. რატომ არის დაპირისპირება წმინდა სინოდში და რის უფლებას აძლევს საპატრიარქოში თბილისის მერი გიგი უგულავა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, წმინდა სინოდის წევრმა მეუფე სერაფიმემ „GNS” -ის გადაცემაში „ნანა ლეჟავას კვირის რეპორტაჟში“ ისაუბრა. მეუფე ფარულად არის ჩაწერილი, მან არ იცის, რომ კამერა ჩართულია.
მეუფეს ინფორმაციით, თბილისის მერმა გიგი უგულავამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს უყვირა. ამის შესახებ მეუფემ 1 ივლისს სტუდია „GNS”-თან „ნანა ლეჟავას კვირის რეპორტაჟში“ საუბარში აღნიშნა.
„ვინც ხელისუფლებასთან ახლოს არის, იყენებს თავისთვის. მე არ ვარ ახლოს და ამიტომ ძველ სახლში ვცხოვრობ. ვინც არის ახლოს უშენებენ ეკლესია -მონასტრებს და ხალხი გახარებულია,“ - ბრძანა მეუფე სერაფიმემ ინტერვიუში, რომელიც გადაცემა „კვირის რეპორტაჟმა“ ფარულად ჩაწერა.
კვირის რეპორტაჟში ნათქვამია, რომ ფორსმაჟორული სიტუაციების დროს პატრიარტქთან მოლაპარაკებებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი სოსო თოფურიძე და თბილისის მერი გიგი უგულავა მართავენ.
„ისინი ერევიან საპატრიარქოს საკითებში. ეუბნებიან მათ წინადადებებს. ასეთი ნაგლები არიან. სოსო თოფურიძე კიდე ადამიანურ დონეზე ეუბნება. უგულავას აქვს მთელი გავლენა. ის არამარტო ხმამაღლა საუბრობს პატრიარქთან, არამედ ყვირის და ხმამაღლა ესაუბრება“, - აღნიშნა მეუფე სერაფიმემ.