ახალმა პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მისი მთავრობის წევრი, ჯერ არ შექმნილი სამინისტროს მინისტრი დაასახელა. მერაბიშვილის განცხადებით, დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე იქნება. ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს, გლდანში, მშენებარე პროფესიულ სასწავლებელთან განაცხადა.
ვანო მერაბიშვილის მთავრობის პირველი პრეტენდენტი, პაატა ტრაპაიძე აცხადებს, რომ მისი უწყება ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.
ამის შესახებ ტრაპაიძემ პრემიერმინისტრის მიერ ამ პოსტზე წარდგენის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პარტიასთან, ეს იქნება პოზიციური, ოპოზიციური, საპარლამენტო თუ მის გარეთ მყოფი. თუ მათ ექნებათ რაიმე წინადადება, მე ღია ვარ ყველასთვის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური შეხედულებებისა, მიიღოს ის, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ნახოს თავისი ადგილი საზოგადოებაში. ჩვენ ვითანამშრომლებთ ძალიან მჭიდროდ განათლების სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროსთან" , - აცხადებს ტრაპაიძე.
პაატა ტრაპაიძეს დღემდე კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" დირექტორის თანამდებობა ეკავა. აღნიშნული კომპანია საქართველოში 2005 წლის 29 მარტს დაარსდა.
კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა გზების, ხიდების, გვირაბების, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და საქართველოში პირველი ბეტონსაფარიანი გზის მშენებლობა, აგრეთვე ხის კონსტრუქციებისა და პანელების წარმოება.