ოსური მხარის განმარტებით, ქართული მხარის მიერ ზარდიანთკარის პოლიციის საგუშაგოს გადაწევით, ცხინვალს 2008 წლის ივლისის დეჟავიუს შეგრძნება დარჩა.
„ქართული მხარის მიერ პოლიციის საგუშაგოს ოსური მხარისკენ გადაწევის შემდეგ, შეშინებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მიმართა დახმარებისთვის. ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია იმიტომ, რომ მსგავსი ქმედებები მეორდებოდა 1991-92 და 2008 წლებში.
ქართულ მხარიდან ახალი არაფერი მომხდარა. მართალია, ამ ერთი ფაქტით არ შეიძლება 2004 და 2008 წლების ანალოგებზე ვისაუბროთ, როდესაც ქართული მხარე სამხედრო ქმედებების წინ პოლიციის საგუშაგოების რაოდენობას ზრდიდა სამხრეთ ოსეთის საზღვართან, თუმცა ეს ფაქტი მეტყველებს, რომ ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან დასკვნები ვერ გააკეთა, რუსეთთან დამოკიდებულებაში კი ის მაზოხიზმს ეწევა“,-აღნიშნავს სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი.
დეფაქტო მინისტრის განმარტებით, ოსურმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს წინა თვეებში, რამდენჯერმე გაუგზავნა ეუთო-ს მიმართვა, სადაც შეშფოთებას გამოთქვამდა ქართული სამხედრო ძალების მიერ ტექნიკისა და ჯარის შეყვანას საზღვართან, აგრეთვე პოლიციის საგუშაგოების გადაწევასა და გამრავლებას.
„საერთაშორისო საზოგადოებამ ეუთო-ს სახით, მაშინ სრული იგნორირება გაუკეთა ოსური მხარის განცხადებებს და ყველანაირად იფარავდა ქართული მხარის ქმედებებს, რადგან თვითონ ეუთო გახლდათ დაინტერესებული სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაში“,-აცხადებს ჯიოევი.
მურატ ჯიოევის აზრით, ოსური მხარის მიერ მიღებული ზომები, მხოლოდ დიპლომატიურ სიბრტყეში არ უნდა განიხილებოდეს.
„საჭიროა ზარდიანთკარის მოპირდაპირე, ოსებით დასახლებულ სოფელ ხელჩუაში, მოსახლოების დასაცავად ოსურმა მხარემ შინაგანი ჯარების რაოდენობა გაზარდოს, გააძლიეროს საზღვრისპირა ტერიტორიები, თანაც არა მარტო ხელჩუაში. საქართველო სამხრეთ ოსეთისთვის საშიში სახელმწიფოა, მშვიდობიან ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი არ არის, შესაბამისად ჩვენ ყველა ეს რეალობა უნდა გავითვალისწინოთ.
აუცილებელია, სოფელ ზარდიანთკარის მოსახლოებას, ვინც დახმარებისთვის ჩვენ მოგვმართა, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მივანიჭოთ. ბოლო 20 წელია დეფაქტო რესპუბლიკაში დემოგრაფიულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ამიტომ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი რესპუბლიკის ბიუჯეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ შევიფაროთ საქართველოდან დევნილი მოსახლეობა“,-აცხადებს ჯიოევი.