ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების ფორმატში ექსტრემალური შეხვედრა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე ქართული მხარის მიერ პოლიციის საგუშაგოს სამხრეთ ოსეთის საზღვრისკენ, სოფელ ზარდიანთკარში რამდენიმე ასეული მეტრით წინ გადაწევამ გამოიწვია. ოსური მხარის განცხადებით, ამ ფაქტმა ადგილობრივ მცხოვრებლებში დაძაბულობა გამოიწვია, რამდენიმე სოფლის ხანდაზმულმა მცხოვრებმა კი სოფელიც დატოვა.
„ სოფელი რამდენიმე ოჯახმა დატოვა, ძირითადად მოხუცებმა, რამაც მიმდებარე სოფლებშიც დაძაბულობა გამოიწვია. ქართულმა მხარემ იჩქარა. სწორედ ეს საკითხი დავაყენეთ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების ფორმატში შეხვედრაზე. ჩვენი ქმედებები ორივე მხარის მხრიდან შეთანხმების ხასიათს უნდა ატარებდეს, თუმცა ქართული მხარე ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების ფორმატის შემდეგ შეხვედრას არ დაელოდა და პოლიციის საგუშაგო ისე გადაიტანა.
ჩვენ მოვითხოვთ სასწრაფოდ მოგვარდეს ეს საკითხი. პოზიციების შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა ჩვენ წარვადგინეთ იმ ხალხთა სია, ვისაც სოფლის დატოვება მოუხდა“,- განაცხადა სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების კომისიის სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გალგოითმა.
ქართული მხარის განცხადებით, ის ქართველები, რომელთაც სოფელ ზარდიანთკარის დატოვება 2008 წლის მოვლენების დროს მოუხდათ, სოფელში დაბრუნდებიან.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ სოფელში ოსები და ქართველები გვერდიგვერდ იცხოვრებენ. ადრე აქ 60-მდე ოჯახი ცხოვრობდა. აქ ჩატარდება ტერიტორიის განაღმვითი სამუშაოები, რის შედეგაც ოსები და ქართველები ისევ ერთად მეგობრულ და ძმურ ატმოსფეროში იცხოვრებენ“,- განაცხადა ქართული მხარის ჯგუფის უფროსმა, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.
ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების ფორმატის შემდეგი შეხვედრა 26 ივლისს გაიმართება, სადაც მხარეები ამ ფაქტის შესახებ მსჯელობას გააგრძელებენ.
შეგახსნებეთ, რომ ქართულმა მხარემ სოფელ ზარდიანთკარში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, ოსური სოფლის ხელჩუას მოპირდაპირე მხარეს, პოლიციის საგუშაგო რამდენიმე მეტრით წინ გადაწია, რამაც ოსური მხარის აღშფოთება გამოიწვია. ოსური მხარის განმარტებით კი, შეშინებულმა სოფლის მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები დატოვა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას დახმარებისთვის მიმართა.