„27 ივნისს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა ბოლომდე დაგეგმილი არ იყო.“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კალანდაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ნახეს კიდეც განცხადება, თუმცა ვერ გაარკვიეს რა შეხვედრაზე იყო საუბარი, სწორედ იმის გამო, რომ ეს შეხვედრა ბოლომდე არ იყო დაგეგმილი და ის მხოლოდ საუბრის დონეზე განიხილებოდა.
„ რაც შეეხება თვითონ ამ შეხვედრების ჩაშლის რეალურ მიზეზს, თქვენ იცით, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთში მათი წარმომადგენლების მეშვეობით მიზანმიმართულად შეუწყო ხელი ამ შეხვედრების ჩაშლას", - განაცხადა კალანდაძემ და დასძინა, რომ ქართულ მხარეს აღნიშნული მექანიზმის შენარჩუნების სურვილი აქვს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის გაერო-ს წარმომადგენლის ანტი ტურუნენის ინიციატივით, 27 ივნისს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ექსპერტების დონეზე მორიგი შეხვედრის გამართვა იგეგმებოდა.