პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად წარდგენას საპასუხიმგებლოს უწოდებს და დარწმუნებით აცხადებს, რომ გამარჯვებას მოიპოვებს.
„ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რა პასუხისმგებლობაც ამ ახალი გადაწყვეტილების შედეგად დამეკისრა. ჩემი საქმიანობა, ჩემი პროფესია გამარჯვებაა და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ჩემს ხალხთან ერთად გავიმარჯვებ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილის თქმით, მას ახლა მუშაობა ორი მიმართულებით მოუწევს. როგორც ის from.ge -სთან საუბარში აღნიშნავს, გააგრძელებს საქმიანობას კოალიციაში საარჩევნოო ჯგუფის ხელმძღვანელად და ასევე, დროის და ენერგიის ნაწილს თიანეთში არჩევნებში გასამარჯვებლად მიმართავს.
„მომიწევს ორი მიმართულებით მუშაობა. საარჩევნო ჯგუფის მიმართულებით საქართველოში და კონკრეტულად, მაჟორიტარობის მიმართულებით თიანეთის საარჩევნო ოლქში“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, პოლიტიური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თიანეთში - იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთში - ჟურნალისტი ირაკლი ტრიპოლსკი, მცხეთაში - ექიმი დიმიტრი ხუნდაძე და ყაზბეგში - ნეირო-ქირურგი მირიან წიკლაური იქნებიან.