ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა და უმრავლესობამ თავის სიტყვა უკან წაიღო, როდესაც დასაქმების მინისტრის პოსტის შემოღება გადაწყვიტა.
from.ge–სთან საუბარში გურამ ჩახვაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე ხნის წინ, უმრავლესობა და პრეზიდენტი დასაქმების სააგენტოს შექმნას აფასებდა როგორც ბიუროკრატიული სტრუქტურის შექმნას, რომელიც ხელს არ შეუწყობდა უმუშევრობის დაძლევას.
„ახლა კი მათ აღიარეს რომ ქვეყანაში რეალურად არსებობს უმუშევრობა და სახელმწიფოს დღევანდელი პოლიტიკა უუნაროა ამ პრობლემის დაძლევაში“, -აღნიშნა ჩახვაძემ და დაამატა, რომ სახელმწიფო მინისტრი დასაქმების საკითხებში უპორტფელო მინისტრი იქნება, რადგან არანაირი სტრუქტურა არ ექნება.
„ასეთი პროპაგანდა მოსახლეობაზეა გათვლილი. რეალურად მარტო სახელმწიფო მინისტრის ინსტიტუტი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს“, – აღნიშნა ჩახვაძემ.
მან ედპ-ს ხედვაზე ისაუბრა, რომელიც დასაქმებას შეეხება და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს შექმნას გულისხმობს. ამ სააგენტოში უმუშევარი ადამიანი დარეგისტრირდება და უმუშევრის სტატუსსა და შემწეობას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში სახელმწიფო მინისტრი დასაქმების საკითხებშიც იქნება.