მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტს განახლებულ მინისტრთა კაბინეტს დასამტიცებლად სამშაბათს წარუდგენს. ხუროშვილის თქმით, საკითხი პარლამენტში ოფიციალურად, ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე შევა.
კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის წევრები უნდა დაინიშნონ ნდობის გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში.
ამასთან, პარლამენტი უფლებამოსილია ნდობა არ გამოუცხადოს მთავრობის შემადგენლობას და იმავე გადაწყვეტილებაში დასვას მთავრობის ცალკეული წევრის აცილების საკითხი. პრეზიდენტის მიერ აცილების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების გაზიარების შემთხვევაში დაუშვებელია აცილებული პირის მთავრობის იმავე შემადგენლობაში დანიშვნა მთავრობის გათავისუფლებული ან გადამდგარი წევრის ნაცვლად.
თუ მთავრობის შემადგენლობამ და მისმა სამთავრობო პროგრამამ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს მთავრობის იმავე ან ახალ შემადგენლობას. ხოლო თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე 5 დღის ვადაში, დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
ამ პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა.
რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, პრემიერ–მინისტრის პოსტზე ნიკა გილაური, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შეცვალა. ასევე გადაწყდა, რომ შეიქმნება ახალი თანამდებობა – დასაქმების სახელმწიფო მინისტრის. პარლამენტს მთავრობისთის ნდობის გამოცხადება-ა გამოცხადების საკითხზე მუშაობა, რიგგარეშე ფორმატით მოუწევს, რადგან საგაზაფხულო სესია 29 ივნისს დაიხურა.