პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილის დანიშვნის შეფასებისას აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების და კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამ სიტუაციაში, რაღაც უკეთესი გამოსავლის ძიებაა.
„ასეთი მკვეთრი გადაადგილებები პრაქტიკულად, წინასაარჩევნო პერიოდში არ ხდება ხოლმე. კონკრეტულად, ეს ნიშნავს მერაბიშვილის უფრო გაძლიერებას, უფრო დასუსტებას თუ დაწინაურებას ეს ძნელი სათქმელია, ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ, ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი. ჯერ-ჯერობით ჩვენთან რეალურად, პრემიერ-მინისტრის პოსტი არაფერია. მახსოვს, როდესაც ამ პოსტზე გილაური უფრო ადრე კი, მგალობლიშვილი დაინიშნა, მაშინ ასეთი ფორმულირებაც კი იყო, რომ პრემიერ-მინისტრი ჩვენთან ეკონომიკის განვითარების მიმართულებებს ხელმძღვანელობსო. ეს მომენტია, ამიტომ ძალიან რთული სათქმელია, ეს მერაბშვილის დაწინაურებაა თუ უკან წაწევა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მაქსიმუმ 3-4 თვე გაგრძელდება, რადგან ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობა თავიდან დაკომპლექტდება და მას მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური ძალა „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს.