„ჩვენ ყველანი დიდი იმედით შევყურებდით პოლიციის რეფორმას. ჩვენს თვალწინ პოლიციაში მუშაობა პრესტიჟული და საამაყო გახდა, ქუჩებში ვხვდებოდით თავაზიანი ღიმილითა და სიტყვა-პასუხით ერთმანეთზე უკეთეს ახალგაზრდებს, ჩვენს ძმებს, ჩვენს შვილებს“, - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა და დასძინა,
„ხომ უნდა მოეხერხებინა ხელისუფლებას, რომ ეს შემართება, ეს იმედი და ამხელა ნდობა გაეცამტვერებინა“.
ივანიშვილის განცხადებით, დღეს ჩვენ მივიღეთ სტრუქტურა, რომელიც ხელისუფლების ერთი მცირე ჯგუფის ძალადობას განიცდის და მათი უკანონო ბრძანების შემსრულებელია.
„სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი გავხდით იმის მოწმე, რომ ეს სტრუქტურა არა ერთხელ განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა საკუთარ თანამოქალაქეებს.
მაგრამ მე მჯერა და ვიცი, რომ პოლიციელების აბსოლუტური უმრავლესობა ღირსეული ადამიანია. მათ უკანონობა არ ჩაუდენიათ, ბევრ მათგანს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვისი სიცოცხლე გადაურჩენია. ისინი საკუთარ სამშობლოსა და ხალხს ემსახურებიან“-განაცადა ივანიშვილმა
მან ასევე ყურდაღება გაამახვილა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორამაციაზე, რომლის თანახმად, არასაიმედოობის გამო პოლიციის 200-მდე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს.მან პირობა მისცა ყველა გათავისუფლებულ პოლიციელს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აუცილებლად დააბრუნებს სამსახურებში და ეს სტრუქტურა დაიბრუნებს სანდოობასა და პატივისცემას.
„მე ვპირდები ჩვენს პოლიციელებს, განსაკუთრებით მათ, ვინც პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს: ჩვენი გამარჯვების შემდეგ ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურს; პოლიციელის საიმედოობა აღარასოდეს განისაზღვრება ერთი რომელიმე ჯგუფის ერთგულებით, მათ აღარავინ დაავალებს უკანონო ბრძანებების შესრულებას. პოლიცია კვლავ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ჩადგება და ამით დაიბრუნებს ნდობასა და პატივისცემას! ამის სიტყვას მე გაძლევთ!
დღეს პროკურატურაც და სასამართლოც ხელისუფლების რეპრესიული მანქანის ნაწილია. პროკურატურა მმართველი ჯგუფის დაკვეთის შემსრულებელია, ხოლო სასამართლო პროკურატურის დანამატად არის ქცეული.
ჩვენ გავათავისუფლებთ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებისგან პროკურატურასაც და სასამართლოსაც და ამით ქვეყანაში სამართლიანობას დავამკვიდრებთ. ამის პირობას მე გაძლევთ! ",- განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა.