ხვალ „იქონის ხატის“ ზუსტ ასლს გორის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ

ხვალ „იქონის ხატის“ ზუსტ ასლს გორის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ

სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით შექმნილი  „ოქონის ხატის“ ზუსტ ასლს, ხვალ 12.00 საათზე სამთავისისა და გორის ეპარქიაში ჩააბრძანებენ. იქამდე ერთი საათით ადრე, ეროვნულ მუზეუმში პარაკლისს გადაიხდიან.

გორის შესასვლელში ხატს სამღვდელოება და მრევლი დახვდება, რის შემდეგაც ხატს ლიტანიობით ქალაქს შემოატარებენ და გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ.

ხატი დამზადებულია სპილოს ძვლისგან და ვერცხლითაა მოჭედილი. ის წარმოადგენს სამნაწილიან ტრიპტიქონს, მასზე გამოსახული ღვთისმშობლით, იესოთი და იოანე ნათლისმცემლით.

„ოქონის ხატი“ წარმოშობის სათავეს ბიზანტიის ქალაქ იკონიიდან იღებს. ჰერაკლეს იმპერატორობის დროს, არაბთა დაპყრობების გამო ხატის მცველებმა სიწმინდე ბიზანტიის ქალაქ იკონიიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, XI საუკუნიდან ხატი, როგორც ელენე დედოფლის მზითვი საქართველოში ჩამოაბრძანეს. XIII საუკუნიდან კი „ოქონის ხატი“ გორში იქნა დაბრძანებული, როგორც გორის მფარველი და მცველი. საუკუნეთა მანძილზე სიწმინდეს კიდევ რამდენჯერმე შეუცვალეს ადგილი, საბოლოოდ კი 1925 წლიდან ცხინვალის მუზეუმში იყო დაბრძანებული, სანამ 1991 წელს გაურკვეველ ვითარებაში არ დაიკარგა.

ხატი 2001 წელს „კრისტის“ აუქციონზე აღმოაჩინეს და 2004 წელს საქართველოში ჩამოაბრძანეს და თბილისის სახელმწიფო მუზეუმის საგანძურში მოათავსეს.