ბიძინა ივანიშვილის სარჩელთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო ოფიციალური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:
"თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განიხილა ბიძინა ივანიშვილის სააპელაციო საჩივარი, რომლის მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის #602 ბრძანებულების ბათილად ცნობის თაობაზე, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბიძინა ივანიშვილის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საქმის მასალების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №284 ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ქალაქ მოსკოვში მცხოვრებ - ბიძინა ივანიშვილს. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის №602 ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა მიიღო მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"" 30-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლებია ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა და გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. ამავე კანონის 32-ე მუხლის ,,დ"" პუნქტის თანახმად, პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.
განსახილველ საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები და შეფასებები.
პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით, კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"" პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოქალაქეობამინიჭებული პირისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებული წესი ცალკე განსაზღვრული არ არის, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული კატეგორიის პირებზე ვრცელდება მოქალაქეობის შეწყვეტის საერთო - ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესები, მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნული კანონის 32-ე მუხლი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლით დადგენილი საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები თანაბრად ვრცელდება როგორც იმ პირებზე, რომლებიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან, ასევე უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით აქვთ მინიჭებული",- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.