"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სასამართლოს ოთხთვიან ადმინისტრაციულ საქმეთა მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის განმავლობაში ორგანიზაციამ განსაკუთრებული ყურადღება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავებს მიაქცია. სასამართლოების განრიგიდან კი, ის საქმეები შეირჩა, რომლებშიც მხარე საჯარო რეესტრი, საკუთრების უფლების აღიარების კომისია ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო.
ორგანიზაციამ 252 სასამართლო სხდომის, ჯამში 108 საქმის მონიტორინგის შედეგად, სასამართლოს როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები გამოავლინა.
„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში დადეთითი ტენდენციებია აღნიშნულია და ნათქვამია, რომ ცალკეული გამონაკლისების მიუხედავად, თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში საქმის განხილვის საქვეყნოობის პრინციპი არ ირღვევა. შეჯიბრებითობის პრინციპი საქმეთა დიდ უმრავლესობაში დაცულია - დავის მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები, გააკეთონ განცხადებები, გადაამოწმონ მტკიცებულებები, დაუსვან მოწმეებს კითხვები და შეასრულონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი საპროცესო მოქმედება. ხოლო, რაც შეეხება, მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ პრობლემურ საკითხებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ დავების 92.6% -ის შემთხვევაში, დავა სრულად ან ნაწილობრივ სახელმწიფო მხარის სასარგებლოდ დასრულდა; მოსამართლეები საქმის განხილვისას საკმარის ინიციატივას არ იჩენდნენ და ინკვიზიციურობის პრინციპის გამოყენების სურვილს არ გამოხატავდნენ; მოსამართლეებს არ სურთ, მხარეებს აქტიურად შესთავაზონ მორიგება და ხელი შეუწყონ ამ პროცესს; არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლეები ზოგჯერ საქმეს კარგად არ იცნობენ და შესაძლოა, მისი სწრაფად დასრულებით უფრო იყვნენ დაინტერესებული, ვიდრე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანით.
ორგანიზაციის ანგარიშში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ სახელმწიფო მხარეების სასარგებლოდ გადაწყვეტილი დავების უაღრესად მაღალი მაჩვენებელი მაინც შესაძლო პრობლემებზე მიუთითებს. ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მიერ საქმეების მოგების მაღალი მაჩვენებლისა და ზოგიერთი ძირითადი სამართლებრივი პრინციპების არასაკმარისი დაცვის გამო, შესაძლოა, საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარება შეფერხდეს.