ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ის პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ კავშირს უარყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ ფონდ „ქომაგზე“ ბევრი კარგი სმენია და დარწმუნებულია, რომ „ქომაგი“ იმ ადამიანებს უდგას გვერდით, ვისაც ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ავიწროებს, ვის უფლებებსაც ლახავს, ვისზეც ზეწოლას ახდენს, დევნის ან ფიზიკურად უსწორდება.
From.ge ვანო ჩხარტიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მე ფარულად ვურიცხავ თანხებს ადამიანებს, ვისაც ფონდი „ქომაგი“ ეხმარება. ამ ფონდის საქმიანობის შესახებ ბევრი კარგი მსმენია. „ქომაგი“ იმ ადამიანებს უდგას გვერდით, ვისაც ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ავიწროებს, ვის უფლებებსაც ლახავს, ვისზეც ზეწოლას ახდენს, დევნის ან ფიზიკურად უსწორდება. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანების მხარდაჭერა კეთილშობილური საქმეა და ამას მომავალში აუცილებლად გავაკეთებ. თუმცა, ღიად და დაფარვის გარეშე. ნიშანდობლივია ამ ინფორმაციის დღეს გავრცელებაც. გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ პროვოცირებული საერთაშორისო სასამართლო დავა წააგო. მოსამართლემ უსაფუძვლოდ ცნო სარჩელი ჩემს წინააღმდეგ და სოლიდური ხარჯების გადახდა მომჩივან მხარეს დააკისრა. ისინი ელოდნენ, რომ ამის შესახებ განცხადებას დღეს გავაკეთებდი და მათ მიერ აპრობირებული პრინციპით, სასწრაფოდ შეთითხნეს „კომპრომატი“.
რაც შეეხება სასამართლოს, რომლის შედეგების საზოგადოებისთვის გაზიარებას დღეს ვგეგმავდი, ის ეხება ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის ინა გუდავაძის სარჩელს. ყველას კარგად ახსოვს, რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მის ოჯახსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის საკმაოდ გამწვავდა ურთიერთობა. საბოლოო ჯამში, ინა გუდავაძე იძულებული გახდა დაეთმო ტელეკომპანია „იმედი“, სწორედ ის არხი, რომლის დაცვაც, მისივე თქმით, ბადრი პატარკაციშვილის უკანასკნელი სურვილი იყო. ეს შანტაჟისა და მუქარის მეშვეობით იქნა მიღწეული. დაშინებისა და ზეწოლის შედეგად ხელისუფლებამ ინა გუდავაძე გადააქცია ბრმა იარაღად და მას საკუთარ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისათვის იყენებს.
ქალბატონ ინას გასული 8 თვის განმავლობაში ლონდონში სამჯერ ესტუმრა „დელეგაცია“ თბილისიდან. თბილისის მერი გიგი უგულავა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თინათინ ბურჯალიანი იმ ხუთკაციან ჯგუფს ხელმძღვანელობენ, რომელიც მისგან ტელეკომპანია „იმედის“ საქმესთან დაკავშირებით პროცესის დასრულებას და ჩემთან დავის დაწყებას მოითხოვდა.
ინა გუდავაძემ სწორედ მათი მოთხოვნით დაიწყო სასამართლო დავა ჩემს წინააღმდეგ. მან ჩემი მისდამი კეთილგანწყობის შესახებ კარგად იცის. მე მზად ვარ მასთან, როგორც გარდაცვლილი მეგობრის მეუღლესთან, მივაღწიო კომპრომისულ შეთანხმებას, მაგრამ არავითარ დათმობაზე არ წავალ ქვრივის ზურგსუკან ამოფარებულ ხელისუფლებასთან. ეს ის ხალხია, რომელმაც წლების განმავლობაში ნორმად აქცია ბიზნესის რეკეტი და ძალადობა, ადამიანების დევნა და მათი უფლებების შელახვა.
ისევე, როგორც ქართველების უმრავლესობას, არ მეთაკილება „ქართულ ოცნებასთან“ ჩემი სახელის დაკავშირება. მაგრამ მე ვარ პოლიტიკურად დევნილი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოში. ვცხოვრობ და ვმუშაობ ინგლისში, სადაც დავაარსე წარმატებული მსხვილი ნავთობკომპანია. ამჟამად ვარ ბიზნესში და არ მაქვს შეხება პოლიტიკასთან. ბუნებრივია, ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. თუმცა, პოლიტიკურ მოძრაობაში ჩართული არ ვარ - ამდენად, არც ქართულ ოცნებასთან „დაკავშირებული პირი“ გახლავართ. ამგვარი დაუსაბუთებელი განცხადებებით სახელმწიფო კარგავს ლეგიტიმურობას და ემსგავსება კლასიკურ მაფიოზურ კლანს.
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ და ღიად ვაცხადებ, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს ვეხმარები, ქველმოქმედებასაც ვეწევი და მზად ვარ დავეხმარო პოლიტიკურად რეპრესირებულ და დაჩაგრულ ადამიანებსაც. მაგრამ ამას გავაკეთებ გამჭვირვალედ, ყოველგვარი დაფარული სქემებისა და გარიგებების გარეშე. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, მათ ლეგალური გზით გავუმართოთ ხელი“, – ნათქვამია ვანო ჩხაეტიშვილის განცხადებაში.