სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სარჩელი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სარჩელი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ From.ge-ს ივანიშილის ადვოკატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა აღნიშნულ პროცესს.

მისი განმარტებით, დღეს სასამართლომ ადვოკატებს მხოლოდ ზეპირი, ე.წ სარეზოლუციო  გადაწყვეტილება გააცნო, 2 კვირის შემდეგ კი დასაბუთებულ გადაწყვეტილების ჩაბარება მოხდება, სადაც მისი თქმით, ზუსტად იქნება განმარტებული თუ  რა მიზეზებით მოხდა სარჩელის არ დაკმაყოფილება.

„ეს დოკუმენტი 2 კვირის ვადაში უნდა გადმოგვეცეს და მას დასაბუთებული გადაწყვეტილება ჰქვია. მასში უკვე წერილობითი ფორმით საბუთდება ჩვენი საჩივრის დაუკმაყოფილებლობა. როცა გადმოგვცემენ ამას, გაგაცნობთ მათ მარგალიტებს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ ისინი ზემდგომ ინსტანციებს მიმართავენ და ყველა იარაღს გამოიყენებენ მიზნის მისაღწევად.

„უკვე ნათელი გახდა თუ რა მიზეზს ისახავდა პროცესის გაჭიანურება, როცა იანვარში შეტანილი საჩივარი ივნისში განიხილეს. შესაბამისად მიზნად ნახევარი წლის დაკარგვას ითვალისწინებდა. ჩვენს მიერ უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში კიდევ ნახევარ წელს დაგვაკარგვინებდნენ და კი გავიდა არჩევნები. ამიტომ  ჩვენ სიმართლისთვის ბრძოლას სამართლებრივი ინსტრუმენტების სრულ ამოწურვამდე ვაპირებთ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის  განცახადებით, სააპელაციო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლით იხელმძღვანელა და გადაწყვიტა, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილებულიყო და უცვლელად დარჩენილიყო საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილება.

მოსამართლის თქმით, განაჩენი, შესაძლოა, საკასაციო საჩივრით უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრდეს. მხარეებს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი 14 დღის ვადაში გადაეცემათ, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებს შესაძლებლობა აქვთ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში 21 დღის ვადაში გაასაჩივრონ.

ბიძინა ივანიშვილმა მის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე წლის 21 იანვარს გაასაჩივრა. სარჩელის განხილვა კი ხუთი თვის შემდეგ დაიწყო.