დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვების საწყისი შედეგების პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ განცხადება გუშინ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე NDI-ს პრეზიდენტმა კენედ უოლეკმა გააკეთა.
„მე ვარ ნაწილი იმ სადამკვირვებლო ჯგუფისა, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნოდ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ჩამოვიდა. აქ გახლავთ საქართველოში NDI-ს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავაროც, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში პერ ეკლუნდი, რომელიც არის ამ მისიის წევრი. გარდა ამისა, ჯგუფის წევრია ყოფილი კონგრესმენი სენ გიდელსენი, რომელიც საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 2008 წელს, ასევე 2000 წლების დასაწყისში უკვე მუშაობდა. სადამკვირვებლო ჯგუფის წევრია ამერიკის მისურის შტატში ენდიაის შტაბის მდივანი რობინ კარნაჰენი. იგი მისურის შტატში კოორდინირებას უწევს მოსახლეობის დაახლოებით იმ რაოდენობას, რამდენიც საქართველოში ცხოვრობს“, _ განაცხადა NDI-ს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში ივლისის თვეში ჩამოვლენ, ხოლო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს უკვე მოკლევადიანი დამკვირვებლებიც ეწვევიან.
უოლეკის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებისას NDI და IღI იმ პრინციპების შესაბამისად იმოქმედებენ, რომლებიც სადამკვირვებლო მისიების ფარგლებშია მიღებული. „ეს ინიციატივა გახლავთ გაეროს მიერ 2005 წელს ინიცირებული და დაახლოებით 40 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ აღიარებული. ეს პრინციპები არის სახელმძღვანელო, რომლითაც ჩვენ მიუკერძოებლად ვმოქმედებთ“, _ განაცხადა უოლეკმა და დასძინა, რომ მისი პატივია კვლავ ესტუმროს საქართველოს.