"მასთ ქერის" შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დღეს, მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებს.
კანონპროექტის შესაბამისად, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში.
პროექტით, აღნიშნული პუნქტის სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. კერძოდ, ამ შემთხვევაში, მაუწყებელს ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოეშვება.
ამასთან, კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ, გუშინდელი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრა ვადები, რომლის თანახმად, საკაბელო კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, "მასთ ქერის" პრინციპი არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან ერთი დღის ვადაში აამოქმედონ.
ასევე განისაზღვრა ვადა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვისაც, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით საკაბელო კომპანიების გაფრთხილება კანონის ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში უნდა მოახდინოს.