რამაზ საყვარელიძე: ნულოვან ტოლერანტობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადების უშუალო ადრესატი ბიძინა ივანიშვილი იყო

რამაზ საყვარელიძე: ნულოვან ტოლერანტობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადების უშუალო ადრესატი ბიძინა ივანიშვილი იყო

ექსპერტების შეფასებით პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც კანონის „ურჩ“ სუბიექტებზე ნულოვანი ტოლერანტობის გატარებას ითვალისწინებს, შსს-ს მინისტრის პირველი მოადგილის, ეკა ზღულაძის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და მასთან უშუალო კავშირშია.

როგორც პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რამდენიმე დღის წინ ზღულაძის მიერ გაკეთებული განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს, აშკარად მიუთითებს, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადების უშუალო სამიზნე და ადრესატი ბიძინა ივანიშვილია.

„ბიძინა ივანიშვილისადმი ეს გზავნილი მარტო პრეზიდენტის მიერ კი არა, უფრო ადრე, ზღულაძის მიერ მოხდა. რადგან ზღულაძემ გამოთქვა აღნიშნული აზრი, ეს მითითება უკვე ჩაშვებული იყო. თუმცა შემდგომ პრეზიდენტის განცხადება, ერთგვარი გზავნილიც შეიძლება გამხდარიყო კონკრეტული უწყებებისადმი“, - განაცხადა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, რთული სათქმელია ამის შემდეგ თუ  რა ნაბიჯები შეიძლება განახორციელონ აღნიშნულმა უწყებებმა, თუმცა მისი პროგნოზით  შეიძლება პროცესები ორი მიმართულებით წარიმართოს - საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ან პირიქით, მათი აზრის უგულებელყოფით.

„ კანონის ბოლომდე გატარებას, რომელიც საზოგადოების მიერ უკანონოდ აღიქმება, შესაძლებელია მოყვეს საზოგადოების უკმაყოფილება. თუ მოერიდნენ ხალხის გაღიზიანებას, მაშინ ვფიქრობ, კანონის შესრულება მუქარის მიუხედავად შერბილდება, თუ არ მოერიდნენ მაშინ მთელი სიმკაცრით ამოქმედდება“ - გაანაცხადა საყვარელიძემ, თუმცა დასძინა, რომ ამ შემთხვევაში ხალხის რეაქციაც არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს.

რაც შეეხება საკითხს, თუ რა ნაბიჯები და ქმედებები შეიძლება აღექვა პრეზიდენტს სააკააშვილს უკანონობად, საყვარელიძის თქმით, ეს შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები გამხდარიყო.

„რახან ივანიშვილი უგულებელყოფს და არ ასრულებს მონიტორინგის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, კონტროლის პალატა ფიქრობს, რომ ის ცდილობს კანონზე მაღლა დადგეს. ალბათ ეს ქმედება იგულისხმა სააკაშვილმა, როცა აღნიშნული განცხადება გააკეთა. მაგრამ როცა მისი მომხრეები იგივეს აკეთებენ, მაშინ გულისხმობს თუ არა ამავეს, ეს გაუგებარია“, -  განაცხადა ექსპერტმა.

შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონზე მაღლა დგომი მსურველი პირების მიმართ სახელმწიფო ნულოვან ტოლერანტობას გააგრძელებს.