დიმიტრი გაბუნია: ხელისუფლებამ მაკა ასათიანს სტატუს-კვოს აღდგენა ტელეკომპანია „მაესტროს“ წილის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზა

დიმიტრი გაბუნია: ხელისუფლებამ მაკა ასათიანს სტატუს-კვოს აღდგენა ტელეკომპანია „მაესტროს“ წილის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზა

„მაკა ასათიანს ხელისუფლებამ გარიგება შესთავაზა“, - ამის შესახებ შპს „აკას“ მეწილის, მაკა ასათიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ხელისუფლებამ მაკა ასათიანს სტატუს-კვოს აღდგენა ტელეკომპანია „მაესტროს“ წილის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზა.

დღესვე გაბუნიამ საზოგადოებასა და ჟურნალისტებს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადებაც გააცნო. განცხადებაში მაკა ასათიანი აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში შპს „აკას“ იძულებითი ლიკვიდაცია დაიწყება, მის ოჯახს უკანონოდ ჩამოერთვა ორგანიზაციის 20 პროცენტიანი წილი, რომელიც დავით ძოწენიძეს მიეკუთვნა. ხოლო ასათიანი და მისი ოჯახი საკმაოდ დიდი აქტივების მქონე ბიზნესს დაკარგავენ.

„მიმაჩნია, რომ მოცემული ქმედებები პირდაპირ არის დაკავშირებული ჩემი, როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლის აქტივობასთან და მას ვაფასებ, როგორც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე. ამას კი, დაუყოვნებლივ ვაცნობებ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს“ - ნათქვამია ასათიანის განცხადებაში.

განცხადებაში ასათიანი აღნიშნავს, რომ ეს პირდაპირი წეზოლაა იუსტიციის მინისტრის,  ზურაბ ადეიშვილისგან, რომელიც მისი თქმით, უშუალოდ დავით ძოწენიძის მხრიდან ხორციელდება.

„მას და მის უფროსებს ვაფრთხილებ, რომ ასეთი მეთოდებით ჩემზე ზეწოლის განხორციელების საშუალებას არ მივცემ, კვლავ გავაგრძელებ უფრო მეტად და აქტიურად ტელეკომპანია „მაესტროს“ დაფინანსებას, რათა ის გაცილებით კარგად მაუწყებლობდეს“ - აცხადებს ასათიანი. 

ადვოკატის თქმით, სამ დღეში შპს „აკას“ იძულებითი ლიკვიდაცია დაიწყება და ამ პროცესის შესაჩერებლად, მაკა ასათიანი სასამართლოში ადმინისტრაციულ სარჩელს შეიტანს.