საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, საბაბი და მიზეზი, თუ რის გამო შეიძლება, რუსეთის აგრესია საქართველოსთვის სახიფათო გახდეს, ძნელად პროგნოზირებადია, თუმცა აღნიშნავენ, რომ რუსეთიდან მოსალოდნელი აგრესიის შესახებ პანიკის დათესვის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯალაღანიას განცხადებით, სამხედრო წვრთნები „კავკასია 2012“ საეჭვოდ და „შემთხვევით“ ემთხვევა საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მათთვის თავიდანვე არ იყო დამაიმედებელი. შესაბამისად, ჯალაღანია განმარტავს, რომ აღნიშნულის თაობაზე მუდმივად საუბრობდნენ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ სიფხიზლეს თხოვს, რომ ადეკვატურად შეაფასონ რუსეთის გენერალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც ძალიან წააგავს 2008 წლის რუსული აგრესიის წინა პერიოდს.
„ნამდვილად არ გვმატებს ოპტიმიზმის საფუძველს რუსეთს პრეზიდენტის, არწასული პუტინის დაბრუნება და ის რიტორიკა, რომელიც მათი ოფიციალური პირებისა და გენერალიტეტის მიერ ისმის. ის საბაბი და მიზეზი, თუ რის გამო შეიძლება, რუსეთის აგრესია საქართველოსთვის სახიფათო გახდეს, ძნელად პროგნოზირებადია. იქნება ეს ლოკალური მიზეზი თუ რაიმე რეგიონალური მასშტაბის კონფლიქტი. ამას პრინციპული მნიშვნელობა იმდენად არ ექნება, რამდენადაც რუსეთი ჩვეულია ხანდახან ხელოვნურად მოყვანილი საბაბით თავისი აგრესია გაამართლოს. ეს დასაფიქრებელი საკითხია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე ღიად საუბრობს პარტნიორებთან, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან და ამ ეტაპზე ამის დიპლომატიური და პოლიტიკური პრევენციის გზით მივდივართ. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. დღეს არ გვაქვს საბაბი იმისა, რომ პანიკა დავთესოთ და ვთქვათ, რომ რუსეთი მორიგ აგრესიას განახორციელებს, მითუმეტეს, დრო ვიწინასწარმეტყველოთ, მაგრამ ის რიტორიკა და გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც ამ თემის ირგვლივ იქმნება, გულხელდაკრეფილად ჯდომის საბაბს არ იძლევა არც ჩვენთვის და არც იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რეგიონში სტაბილურობა სურთ“, - განაცხადა ჯალაღანიამ.
მისივე თქმით, ამ კონტექსტშია განსახილველი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბრალდებები ქართული სპეცსამსახურების მიერ გალში ტერორისტული ჯგუფების თაობაზე.
ჯალაღანიას თქმით, ის რიტორიკა, რომ საქართველოდან საფრთხე მომდინარეობს და აქ ტერორისტებს ამზადებენ, რაც თითქოსდა, საფრთხეს უქმნის რუსებს და მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს, არახალია, ძველია.
„ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლებები ქვევრის პრინციპით მოქმედებენ და რასაც რუსი პატრონი ჩასძახებს, იმას ამოსძახებენ. ასე, რომ, ეს ინფორმაცია შესაძლოა, ნაკლებად წონადია, მაგრამ იმ ჯაჭვში, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, საკმაოდ დამაფიქრებელია“, - განაცხადა ჯალაღანიამ.