ფაქტჩეკერების ინსტიტუტი გამოყენებული იყო პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბატონმა ცუკერბერგმა, რომ ამან უკუშედეგი გამოიღო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, კომპანია Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს და თავის პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს.
„იმის ნაცვლად, რომ სწორი ინფორმაცია მიწოდებოდა მოსახლეობას, პოლიტიკურად ანგაჟირებული, გაფილტრული ინფორმაცია მიეწოდებოდა და ძალიან ხშირ შემთხვევებში მოსახლეობა სიცრუეში შეჰყავდათ. ეს არის კატასტროფული ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან ვიცით, რომ ყველაზე მსხვილი ფაქტჩეკერი ორგანიზაცია საკუთრებაში აქვთ ბატონი სერგი კაპანაძეს და ქალბატონ კინწურაშვილს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. შესაბამისად მათი ეს ბექგრაუნდი ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მათი მხრიდან განხორციელებული სამუშაოები აბსოლუტურად მიკერძოებული იყო“, - განაცხადა მაჭავარიანმა.