„დიფ სთეითს“ ვუწოდებთ მას თუ „გლობალური ომის“ პარტიას ინტერესებში აქვს, რომ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთის ფედერაციის საზღვრებზე ყველგან იყოს ცეცხლი, - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, რომელმაც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების შინაარსი განმარტა.
მისი თქმით, რაც არ უნდა ეცადონ გარე ძალები ვერც სანქციებით და ვერ შანტაჟით მოახერხებენ საქართველოს ომში ჩაბმას.
„შინაგან საქმეთა მინისტრი და ის ადამიანები, პოლიციელები, რომლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ, ამ ყველაფრის საპასუხოდ, რომ იღებენ სანქცირებას, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის გარკვეული ჯგუფის, გარკვეული ძალის მქონე პირების და ორგანიზაციების სურვილები, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელდეს ის, რაც ხდება უკრაინაში, რომელზეც სხვათა შორის, 2022 წელს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ და ღიად აცხადებდნენ ხოლმე. იქამდეც მივედით, რომ დახურულ კარს მიღმა ნათქვამი მუქარები საბოლოო ჯამში გადაიზარდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. სადაც პირველად ჩაგვიწერეს და მოგვთხოვეს, რომ ჩვენ დავუწესოთ რუსეთის ფედერაციას სანქციები, რაც თავისთავად გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის ჩამოშლას. „დიფ სთეითს“ ვუწოდებთ მას თუ „გლობალური ომის“ პარტიას ინტერესებში აქვს, რომ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთის ფედერაციის საზღვრებზე, გარშემო ყველგან იყოს ცეცხლი, კიდევ უფრო დაზიანდეს საზოგადოება. რაც არ უნდა სასჯელები გამოიყენონ ან რაც არ უნდა დაგვაშანტაჟონ, თუ რაც არ უნდა შეეცადონ, რომ ჩვენ გმირ პოლიციელებს იქნება თუ ჩვენს მოქალაქეებს ზოგადად პასუხი აგებინონ ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის, საბოლოო ჯამში მათი ქმედებები ჩაფლავდება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და „დიფ სთეითის“ ხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელშიც საბჭო სანქციებს აფასებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება.