საპარლამენტო უმრავლესობა გოგლა ჟვანიას განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს. „არც გოგლა ჟვანიას განცხადება ვიცი და არც მელიქ რაისიანი. აბა რა გითხრათ“- განუცხადა from.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა.
„ ქართული ოცნების" ახალქალაქის ოფისის ხემძღვანელის გოგლა ჟვანიას განცხადებით, პარლამენტის ყოფილი წევრის, მელიქ რაისიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო , რაც მან კოალიციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.
"მელიქ რაისიანი ხელისუფლებისგან იდევნება. ეს იყო სამგზის პარლამენტის წევრი და ადამიანი, რომელიც 2004 წელს საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან შევიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მან "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანება გადაწყვიტა, პრობლემების შექმნა დაუწყეს. ის დაიბარა მიხეილ მაჭავარიანმა, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა და მოუწოდა, განზრახვაზე ხელი აეღო. როცა უარი მიიღო, პრობლემები შეუქმნეს - მელიქ რაისიანი ოჯახურ საქმეებზე უცხოეთში წავიდა და, როგორც კი საზღვარი გადაკვეთა, მასზე ძებნა გამოაცხადეს, რის გამოც სამშობლოში ვეღარ ბრუნდება. ესაა ზეწოლის და უკანონობის აშკარა ფაქტები", - განაცხადა ჟვანიამ დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიხეილ მაჭავარიანი დღეს პარლამენტში არ იმყოფება, ის ამჯერად სტრასბურგში, საგაზაფხულო სესიას ესწრება.