„გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიზანმიმართული და კანონიერების ჩარჩოდან გასული ფაქტობრივი დარბევა, რომელსაც ამჟამად საქართველოს ნეობოლშევიკური ხელისუფლება ახორციელებს, არის არა მარტო პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული აღვირახსნილი ტერორი, არამედ დესტაბილიზაციის გამოწვევისა და პანიკაში მყოფი სააკაშვილის მიერ საარჩევნო პროცესის ჩიხში შეყვანის მცდელობა. ამასთან დაკავშირებით გვახსენდება კიდევაც სააკაშვილის ერთ-ერთი წამოცდენა - ისინი ცდილობენ არჩევნებში ჩაგვითრიონო.
პარალელურად, ადეკვატურობის საზღვრებიდან გასული სააკაშვილი ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში კომპანია „სოკართან“ ერთად მოსახლეობას აძლევს პირობას ბუნებრივი აირის განვადებითა და შეღავათიანი პირობებით შეყვანის შესახებ, რაც ზედმიწევნით ჰგავს ამომრჩეველთა მოსყიდვას და, წინდაწინვე ვფიქრობთ, „ნაცმოძრაობის“ ინსტრუმენტად ქცეული კონტროლის პალატისა და პირადად ქ-ნი მოგელაძის ყურადღების მიღმა დარჩება.
თავისი აღვირახსნილი ქმედებებით სააკაშვილი და მისი ხელისუფლება საქართველოს რიყავს ცივილიზებული სამყაროსაგან და ქართულ სახელმწიფოს საერთაშორისო იზოლაციისაკენ მიაქანებს. ამგვარ პირობებში გაუგებარია მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დუმილი, რომელიც საქართველოს ანტიდემოკრატიული ხელისუფლებისათვის არსებითად წამახალისებელ ფუნქციას ასრულებს.