"ქართული ოცნება" მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის მიერ მომზადებული ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ანგარიში გაერო-ში დღეს განიხილება. კოალიციის განცხადებით, მაინა კიაის მიერ გაერო-ში გამოქვეყნებული ანგარიშით, საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.
from.ge "ქართული ოცნები"ს განცხადებას მშვიდობიანი შეკრების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან დაკავშირებით უცვლელად გთავაზობთ.
ბ-ნი მაინა კიაის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში აუწყებს საერთაშორისო დამკვირვებლებს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ. კიაის როლი მდგომარეობს ადამიანის ყველა უფლების - სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლების მხარდაჭერასა და დაცვაში. მან განაცხადა, რომ ყველა ეს უფლება დაცემის გზაზეა საქართველოში.
ანგარიშში აღინიშნა არათანაბარი პოლიტიკური გარემო, ოპოზიციის წევრთათვის შექმნილი უზარმაზარი დაბრკოლებები, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ნათელი ზღვარის არარსებობა, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დაშინებისა და დათრგუნვის ფაქტების შთამბეჭდავი რაოდენობა და საფუძვლიანი ეჭვები, მიემართება თუ არა საქართველო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისაკენ.
საქართველომ უნდა გამოხატოს მზაობა, განვითარდეს ვარდების რევოლუციის სულისკვეთებით გამსჭვალული დემოკრატიის ხედვის მიხედვით. სამწუხაროდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თვითნებური მმართველობის პირობებში ვარდი დაჭკნა და საქართველო, ნორჩი დემოკრატიული ქვეყნის ნაცვლად, იქცა ავტორიტარულ სახელმწიფოდ.
მშვიდობიანი შეკრების დაცვის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში საქართველოს შესახებ - შეჯამება
რა: გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მისია საქართველოში
ვინ: ბ-ნი მაინა კიაი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის საკითხებში
რატომ: ადამიანის ყველა უფლების, სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლების (განვითარების უფლების ჩათვლით) მხარდაჭერა და დაცვა
როდის: ვიზიტი შედგა 2012 წლის 6-13 თებერვალს, ხოლო ანგარიში გამოქვეყნდა 2012 წლის 20 ივნისს
ამონარიდები ანგარიშის შეჯამებიდან და რეკომენდაციებიდან:
ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სფეროში განხორციელდა რეფორმები. თუმცა, როგორც სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, ეს გაუმჯობესება არ უნდა მივიღოთ, როგორც მომხდარი ფაქტი. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრთა წინააღმდეგ მიმართულმა შიშისა და დათრგუნვის ატმოსფერომ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა სახელმწიფოს განვითარება. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში მეტი ძალისხმევაა საჭირო მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლების უზრუნველსაყოფად.
მშვიდობიანი გაერთიანების უფლებასთან დაკავშირებით სპეციალურმა მომხსენებელმა ასეთი რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას:
(დ) გაიზარდოს ძალისხმევა საარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის ყველა პოლიტიკური პარტიისათვის, ოპოზიციური პარტიების ჩათვლით, სახელმწიფო რესურსების უტყუარი, მიუკერძოებელი და შესაბამისი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკაფიო ზღვარის გავლებას, რათა შეიქმნას თანასწორი გარემო.
ამონარიდები ანგარიშის სრული ვერსიიდან:
25) გაერთიანების თავისუფლებასთან დაკავშირებით სპეციალურმა მომხსენებელმა დაადგინა 2 პრობლემატური სფერო: არათანაბარი პოლიტიკური გარემო და პროფესიული კავშირებისა და მათი წევრების წინაშე შექმნილი არაკანონიერი დაბრკოლებები.
37) ვიზიტის დროს სპეციალურ მომხსენებელს ეუწყა, რომ პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების უმეტესობა მოტივირებული იყო ბიძინა ივანიშვილისათვის, ყველაზე შეძლებული ადამიანისათვის საქართველოში, გაერთიანებების დაფინანსების და, პოლიტიკური პარტიის ასევე, სხვა რაიმე გზით სახელმწიფო საქმეთა წარმართვის საშუალების აღკვეთით. ეს კი იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ უკანასკნელი ცვლილებები მოტივირებული იყო კონკრეტული პიროვნების კონტროლის სურვილით და არა ობიექტური და რეალისტური მიზნებით.
47) მიღებული ინფორმაციის თანახმად, ზღვარი მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილია.
48) გარდა ამისა, მიღებულია განცხადებების დიდი რაოდენობა ოპოზიციის წევრებად ან მხარდამჭერებად მიჩნეულ პირთა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეთა დაშინებისა და დათრგუნვის, ასევე უკანონო მეთვალყურეობის, ფაქტების შესახებ.
49) სპეციალური მომხსენებელი თვლის, რომ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შეზღუდვა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჭეშმარიტად თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების პრინციპს და რომ საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის ქმედებების გამიჯვნის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იქნას თანასწორი გარემო.
84) სპეციალური მომხსენებელი გამოთქვამს შეშფოთებას კონტროლის პალატის მეშვეობით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის პოლიტიკური მიზეზებით მოქალაქეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ.
85) სპეციალური მომხსენებელი გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში პოლიტიკური პარტიებისათვის თანასწორი მოქმედებისათვის ხელისშემწყობი გარემოს ნაკლებობის გამო.
89) სპეციალური მომხსენებელი გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ ზემოხსენებული პრობლემები აძლიერებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების და პროფესიული კავშირებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრთა დაშინებისა და დათრგუნვის ატმოსფეროს. უფრო მეტიც, ერთი კონკრეტული პიროვნების, ბიძინა ივანიშვილის, საქმიანობისა და მოქმედების კონტროლისათვის სპეციფიურად შექმნილმა კანონმდებლობამ შედეგად მოიტანა გაურკვევლობის დამძიმებული ატმოსფერო, რასაც არავითარი გამართლება არ მოეძებნება საქართველოს მოქალაქეთა თვალში.