ტელეკომპანია თრიალეთი:  პოლიციის თანამშრომლები ტელეკომპანია ''თრიალეთის'' გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ

ტელეკომპანია თრიალეთი: პოლიციის თანამშრომლები ტელეკომპანია ''თრიალეთის'' გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ

ტელეკომპანია თრიალეთი ხელისუფლებას ზეწოლასა და პროფესიული საქმიანობისთვის ხელისშეშლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ტელეკომპანია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციის თანამშრომლები ტელეკომპანია ''თრიალეთის'' გადამღებ ჯგუფს თავისუფლად მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

განცხადების თანახმად, ''თრიალეთის'' გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის მონაწილეთა შორის ერთ-ერთი მოქმედი პოლიციელი შალვა ხაჩიძეა, რომელიც „თრიალეთის” გადამღები ჯგუფის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.

„შალვა ხაჩიძემ ჟურნალისტებს მოსთხოვა გადაღება შეეწყვიტათ, უარის მიღების შემდეგ კი, მისივე სიტყვებით, თავ-პირისა და კამერის დამტვრევით დაემუქრა, რასაც შემდგომში გადამღები ჯგუფის მიმართ ქვების სროლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა” - ნათქვამია განცხადებაში. 

ტელეკომპანია განცხადებაში თანამშრომლების მიმართ მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებზეც საუბრობს. მათი ინფორმაციით, სამართალდამცავების მხრიდან მუდმივად კონტროლდება ტელეკომპანია “თრიალეთის” გადამღები ჯგუფების გადაადგილება.

ტელეკომპანია „თრიალეთში” მიიჩნევენ, რომ ხაშურის პოლიციის მხრიდან აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანიამ ხაშურის პოლიციის შენობაში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ფაქტი გააშუქა.