ქართველი რეჟისორებისა და მსახიობების ერთმა ნაწილმა მთელი ქართველი კინემატოგრაფისტების სახელით ღია წერილი გამოაქვეყნა ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის მისამართით, რომელშიც ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, შეაჩეროს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ეგრეთ წოდებული „ძველი კინოსტუდიის“ ტერიტორიის გასხვისების ანუ სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესი.
წერილის ხელისმომწერთა შორის არიან ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, რეზო ესაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ქეთი დოლიძე, ნანა ჯორჯაძე, ზურაბ ყიფშიძე და ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ მათი აზრის გათვალისწინების გარეშე არავითარი გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული.
"მეოცე საუკუნეში კინემატოგრაფისტთა რამდენიმე თაობის ძალისხმევით შეიქმნა მსოფლიოში აღიარებული ქართული კინოს ფენომენი, რომელიც ყველა ცნობილ ევროპულ თუ ამერიკულ ენციკლოპედიასა და კვლევაში მოიხსენიებოდა არა როგორც “საბჭოთა”, არამედ მხოლოდ როგორც “ქართული კინო”.
ქართველ კინემატოგრაფისტებს და მათ მიერ შექმნილ ფილმებს უამრავი პრესტიჟული საერთაშორისო პრემია აქვთ მიღებული.
ქართული კინო იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი უცხოეთში.
შემთხვევის ძალით თუ კანონზომიერად, კინოში მოხდა მთელი ქართული შემოქმედებითი პოტენციალის, ანუ ნიჭიერების აკუმულირება. მისი შექმნის პროცესში მონაწილეობდნენ არა მარტო საკუთრივ კინოს მაღალი დონის პროფესიონალები - რეჟისორები, ოპერატორები, მემონტაჟეები, გამნათებლები, ტექნიკური მუშაკები, არამედ ხელოვნების სხვა დარგების საუკეთესო წარმომადგენლებიც - მწერლები, მხატვრები, კომპოზიტორები. თუ ამას დავუმატებთ საქართველოს მრავალფეროვან და მიმზიდველ ლანდშაფტს და იმ ბუნებრივ დეკორაციებს, რომელთაც ასე გულუხვად გვთავაზობდა ჩვენი ბუნება, შეიძლება დავასკვნათ, რომ მეოცე საუკუნეში საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც უნიკალური კინოქვეყანა, სადაც დუღდა ინტენსიური კინოცხოვრება.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კინომ ნელნელა დაკარგა თავისი პოზიციები. პირველი და უმნიშვნელოვანესი დარტყმა ფინანსური იყო.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე პატარა ქვეყნის კინო ვერ იარსებებს. ეს კარგად ესმით ცივილიზებულ სამყაროში, სადაც მთელი სისტემებია შემუშავებული კინოს დასაცავად.
საქართველოში კინო არ იქცა სახელმწიფოებრივი ზრუნვის ობიექტად. დღეს სრულიად უგულვებელყოფილია ქართული კინოს განსაკუთრებული როლი ერის კულტურულ ცხოვრებაში. მიზერულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება (3 მილიონი ლარი წელიწადში). განიავებული და გაყიდულია ქართული კინოს ქონების უდიდესი ნაწილი, მათ შორის დიღმის ტერიტორიის და საწარმოო-შემოქმედებითი შენობების ორი მესამედი. სააქციო საზოგადოების დამფუძნებელ ქართველ კინემატოგრაფისტებს ისე გაუყიდეს კუთვნილი წილი, რომ მათთვის ეს არც უცნობებიათ. განადგურებულია დიღმის კინოსტუდიასთან არსებული ქართული კინოს მუზეუმი და ნაწილობრივ (ხანძრის შედეგად) კინო_არქივი.
ბევრი დარტყმა მიიღო აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ე. წ. ძველმა კინოსტუდიამაც, სადაც ჩაისახა ქართული კინო და რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდა, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული მეხსიერების და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ძეგლს. ქართული კინოს მფლობელობაში აღარ არის თავისი მასშტაბით გამორჩეული, უნიკალური “დიდი პავილიონი”, სადაც, ოციანი წლებიდან დაწყებული, უმნიშვნელოვანესი ქართული ფილმებია გადაღებული. მთლიანად ტერიტორიაც სავალალო მდგომარეობაშია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე ქართველი ხალხისთვის საყვარელი მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრიც მდებარეობს.
კინოსთვის, და ზოგადად კულტურისთვის ამ უმნიშვნელოვანესი კერის გადასარჩენად 2005 წელს ქართველმა კინემატოგრაფისტებმა შეიმუშავეს ამბიციური პროექტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე კინოქალაქის დაარსებას ითვალისწინებდა. კინოქალაქს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სასწავლო_შემოქმედებითი ფუნქცია უნდა ჰქონოდა. Eგათვალისწინებული იყო კინოარქივის, კინოთეატრის, კინომუზეუმის, დოკუმენტური კინოსტუდიის, მულტფილმების სტუდიის, სასწავლო სახელოსნოების, სტუდია `დებიუტის~ და საფესტივალო ცენტრის შექმნა.
ამ პროექტის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბდა “ქართული ფილმის განვითარების ფონდი”, რომელსაც პროექტის ხორცშესხმასა და ინვესტიციების მოზიდვაზე უნდა ეზრუნა.
ამ წარმტაცი პერსპექტივის ნაცვლად დღეს ფონდის გამგეობის კინოსაზოგადოებასთან შეუთანხმებელი ნაბიჯის შედეგად აღმოვჩნდით შემდეგი ფაქტის წინაშე: აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მთელი ტერიტორია გადაეცემა სახელმწიფოს, რომელიც, ჩვენი ვარაუდით, მას გაასხვისებს კერძო მესაკუთრეზე, რომლის მიზანი, ცხადია, მხოლოდ კომერციული მოგება იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული კულტურისთვის დაიკარგება უმნიშვნელოვანესი კერა - ქართული კინოს აკვანი, რაც კატასტროფის ტოლფასად გვესახება.
მოგმართავთ ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მთავრობას, რათა დაგვიჭიროთ მხარი, ერთიანი ძალისხმევით გადავარჩინოთ თავისი ტრადიციებით განთქმული ეს კულტურული კერა, შემდეგ კი ვიზრუნოთ იმ საინტერესო და კრეატიული პროექტის განხორციელებაზე, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობასაც დაიცავს და შემოქმედებით და სასწავლო_შემეცნებით ფუნქციასაც იკისრებს.
ვფიქრობთ, რომ ეს არა მარტო კინემატოგრაფისტების, არამედ მთელი ქართული საზოგადოების ეროვნული ღირსების და პრესტიჟის საქმეც არის.
ამავე დროს კატეგორიულად მოვითხოვთ, არავითარი გადაწყვეტილება, მითუმეტეს ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის, არ იყოს მიღებული ქართველი კინემატოგრაფისტების აზრის გათვალისწინების გარეშე“, - ნათქვამია კინომატოგრაფისთა ღია წერილში.