საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად, რუსთავში ახალი საცურაო აუზი გახსნა და აკვაპარკის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
მანამდე პრეზიდენტმა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი საოჯახო ტიპის სახლი მოინახულა, სადაც 8 ბავშვი იზრდება და ისინი აუზის გახსნაზე წაიყვანა.
პრეზიდენტის განცხადებით, აუზზე უფასოდ ივლიან რუსთაველი ათოსანი მოსწავლეები, სულ, 2 500 ბავშვი, 70%-იანი შეღავათით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და რუსეთ- საქართველოს ომში მონაწილეეები, 50%-იანი ფასდაკლებით კი, სტუდენტები, პედაგოგები და დევნილები.
„რუსთავი ძალიან მაგარი ქალაქი ხდება. ვინც არ ყოფილა აქ დიდი ხნის განმავლობაში, უნდა ჩამოიყვანო და ექსკურსიებზე ატარო. ძალიან ბევრი სამუშაო ადგილები იქნება, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ძალიან განვითარებულია, ამასთან თბილისთან ავტობანი დააკავშირებს. ეს რამდენიმე წლის წინ მომაკვდავი ქალაქი იყო და ახლა ყველაზე სწრაფად გავითარებადი ქალაქია. ეს ყველაფერი კი რუსთავში ბინის ფასებს ზრდის“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე საფუძველი რუსთავის აკვაპარკის მშენებლობას ჩაუყარა.
„ჩვენ გახსნას ვერ ვასწრებთ, ხოლმე რომ მშენებლობა მთავრდება. ახლა დაიწყებენ ლაპარაკს, რომ წყალი ჩამოდის, ქარი უბერავს, ათასგვარი სისულელე, მაგრამ რაც უნდა ილანძღონ, მთავარია, საქმე გაკეთდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.