შსს: თორნიკე არევაძე და ვახტანგ დანელია აზერბაიჯანის მოქალაქის შეურაცხყოფის გამო დააკავეს

შსს: თორნიკე არევაძე და ვახტანგ დანელია აზერბაიჯანის მოქალაქის შეურაცხყოფის გამო დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  „სახალხო კრების“ ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თორნიკე არევაძე ვახტანგ დანელიასთან ერთად, აზერბაიჯანის მოქალაქეზე შეურაცხყოფის გამო იქნა დაკავებული.

„შსს-ს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში ნაზიმ კამბაროვის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში მდებარე ერთერთ რესტორანში აზერბაიჯანის მოქალაქეს ნაზიმ კამბაროვს თორნიკე არევაძემ და ვახტანგ დანელიამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.ზემოაღნიშნულის საფუძველზე პოლიცამ ვახტანგ დანელია და თორნიკე არევაძე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, თორნიკე არევაძის საქმესთან დაკავშირებით,  დღეს პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ბესიკ ტაბატაძემ და არევაძის ადვოკატმა  ნონა ფილაურმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.  მათ ხელისუფლება არევაძეზე ზეწოლაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რო, არევაძე უკანონო პატიმარია.

მათი განმარტებით, თორნიკე არევაძე 8 მაისს, რუსთავში 8 მარტს მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს და რუსთავის საქალაქო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორი მირზა სუბელიანი არევაძის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს, სასამართლო პროცესი კი, ხვალ 21 ივნისს 15 საათზეა დანიშნული.