„თავისუფალი საქართველო“ ინტერპარტიული პრაიმერის შექმნის ინიციატივით გამოდის

„თავისუფალი საქართველო“ ინტერპარტიული პრაიმერის შექმნის ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ინტერპარტიული პრაიმერის შექმნას სთავაზობს.

 პარტიის ცნობით, ის იგივე პოზიციაზე რჩება, რომელიც წლის დასაწყისში გააჟღერა.

 „ოპოზიციური ძალების თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხების საკითხში. თუმცა, როგორც საზოგადოებას ახსოვს, ოპოზიციის სხვადასხვა ფლანგების კოორდინაციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, თავის დროზე გაზიარებული იქნა ბიძინა ივანიშვილის მიერაც“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 პარტიაში მიიჩნევენ, რომ მათთვის მნიშნველოვანია ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების საკითხში ერთიანობა შედგეს. სწორედ ამისათვის პარტია ერთიანი ოპოზიციური კანდიდატების გამოსავლენის ერთ-ერთ საშუალებად ინტერპარტიულ პრაიმერს მიიჩნევს.

 „ეს მეთოდი აპრობირებულია პარტიის მიერ და ის საშუალებას მისცემს ოპოზიციას, ყველა ოლქში ხელისუფლბას ყველაზე რეიტინგული კანდიდატი დაუპირისპიროს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან პრაიმერის იდეის მიმართ ტრადიციულად სკეპტიკური დამოკიდებულებისა, ისინი ამჟამად თავად იყენებენ ამ მეთოდს პარტიის შიგნით რეიტინგული კანდიდატების გამოსავლენად. ამდენად, ვიმედოვნებთ, რომ მათთვის ინტერპარტიული პრაიმერის იდეაც მისაღები იქნება“. – აღინიშნა განცხადებაში.

 აქვე „თავისუფალი საქართველო“ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მზად არის ითანამშრომლოს ყველა ოპოზიციურ ძალასთან, ვისთვისაც არსებული ხელისუფლების დემონტაჟი პრიორიტეტულია, მათ შორის იდეოლოგიური სხვაობის მქონე ძალებთანაც.