პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, აღსრულების ბიუროს მიერ, გამოქვეყნებული განცხადება სტანდარტული გაფრთხილების ტექსტია, რომელიც მისი თქმით, ყველა იმ პირს ეგზავნება, რომლის მიმართაც სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილება გამოაქვს.
ქუცნაშვილის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედება ცვლილებების მყისიერად შეფერხებისკენაა მიმართული.
„ფაქტია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედება მიმართულია იქითკენ, რომ გარდაუვალი ცვლილებების პროცესი მყისიერად შეაფერხონ, თუმცა, ეს ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს. ქართველი ხალხს ცვლილებები უნდათ და ამ ცვლილებების მიღწევა ნებაზეა დამოკიდებული. აქ სახსრები, ფული საჭიროა, მაგრამ არა განსასაზღვრი და მთავარი“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილის განცხადებით, მათი ბერკეტი ხელისუფლების და აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ საბრძოლველად სიმართლეა.
„ჩვენი ბერკეტი სიმართლე, ბრძოლა ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე და ხალხის მხარდაჭერაა, რომელსაც ვიყენებთ და გამოვიყენებთ მომავალშიც“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.