ფიქრია ჩიხრაძე: მოვითხოვთ ხელისუფლებამ სარწყავი წყლის პრობლემა დროულად მოაგვაროს

ფიქრია ჩიხრაძე: მოვითხოვთ ხელისუფლებამ სარწყავი წყლის პრობლემა დროულად მოაგვაროს

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა  ფიქრია ჩიხრაძემ  საქართველოს სოფლებში სარწყავი წყლის პრობლემებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით,  საქართველოს სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოების დროს არსებულ სირთულეებს ახლა ცხელი ზაფხულის თანმდევი სარწყავი წყლის პრობლემა დაემატა.

„ჩვენ გასულ კვირას გვქონდა შეხვედრები გორის რაიონის კონფლიქტური ზონის სოფლებში (ქორდი, ხელთუბანი, კარალეთი, კირბალი). დავპირდით ამ ხალხს, რომ მათი გასაჭირის შესახებ საზოგადოებას ვაცნობებდით. მათ ურთულესი პერიოდი გამოიარეს 2008 წლის აგვისტოდან დღემდე. დღესაც ამ სოფლებს თავზე საოკუპაციო ჯარის ნაწილები დაჰყურებს და მათ სოფლის კუთვნილ ტერიტორიებზე შესვლა და სარგებლობა აღარ შეუძლიათ.                                                                                                                                კონფლიქტური ზონის სოფლების მცხოვრებლებს გაზაფხულზე დიდი ჯაფითა და დანახარჯით დამუშავებული მიწიდან ამოსული ნათესები დღეს უკვე ცხელი ზაფხულის პირობებში უწყლობით უხმებათ. ამ პრობლემის წამოწევის შემდეგ ხელისუფლებამ დაგვადევნა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად დიცი-ქორდი-არბოს სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის უკვე გამოყოფილია თანხა  1 მლნ. 700 ათასი ლარის ოდენობით. საინტერესოა, რომ ეს სამუშაო აწი უნდა დაიგეგმოს, დაპროექტდეს და განხორციელდეს,   ანუ, მას შემდეგ, როცა მოსავალი უკვე უწყლობისგან განადგურდება, ანუ, თუ უფრო დავაზუსტებთ, უშუალოდ არჩევნების წინ“,- განაცხადა  ჩიხრაძემ.

 ჩიხრაძის განცხადებით, „მემარჯვენეებმა“ აღნიშნული პრობლემა გორის კონფლიქტური ზონის სოფლების მაგალითზე წამოსწიეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ ანალოგიურ მდგომარეობაში დღეს საქართველოს სოფლების უდიდესი ნაწილია.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა პრობლემები დროულად მოუგვაროს მოსახლეობას და არა შემოდგომისთვის გადადოს ყველა პროექტის განხორციელება იმის გამო, რომ შემოდგომაზე არჩევნებია.  მოვითხოვთ უსწრაფესად განხორციელდეს აღნიშნული სამუშაოები, რათა მოსახლეობას წლევანდელი მოსავალი გადაურჩეს და ულუკმაპუროდ არ დარჩეს“, - განაცხადა ჩიხრაძემ.