სახალხო კრების წარმომადგენლები, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი, გია ბურჯანაძე და ნონა გაფრინდაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამენ. ეს გადაწყვეტილება კრებამ აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიიღო.
როგორც კრებაში აცხადებენ, ისინი ოპოზიციურ ძალთა ერთობლივი ბრძოლის მომხრეები ყოველთვის იყვნენ. კრების ერთ-ერთი წევრის, რეჯისორ სოსო ჯაჭვლიანის ცნობით, კონსულტაციებისთვის ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრი 4 კანდიდატის დასახელება ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.
„ჩვენ როცა რაღაცაზე ვსაუბრობთ, უნდა შევჯერდეთ და დავუმტკიცოთ ერთმანეთს საქმისთვის რა და როგორ ჯობია. ამ შემთხვევაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქმისთვის ასე აჯობებდა“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
როგორც ის აცხადებს, სახალხო კრებაში ეს იდეა ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ გაჩნდა. თუმცა აქვე აღნიშნა, რომ კრება ყოველთვის მიესალმებოდა ერთიანობას და ერთიანი ფრონტის გახსნის იდეას.
„მთავარი პრინციპი იყო, რომ ყოფილიყო ერთიანობა სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად. იმიტომ რომ ერთიანი ოპოზიცია ფაქტიურად გათიშული იყო. 27 მაისის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა ინიციატივა წინასაარჩევნოდ ჩვენი თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ მას შევხვდებით და ამის შემდეგ გადავწყვეტთ რა ტიპის და ფორმატის თანამშროლმობა გვექნება სამომავლოდ“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
სახალო კრების წარმომადგენელის თქმით, ერთობლივი პოლიტიკური საქმიანობის შედეგი საზოგადოებისთვის დაბნეულობის თავიდან აცილება იქნება.
„ეს იცი რა შედეგს მოგვცემს? საზოგადოებას დაბნეულობას ააცილებს თავიდან. როცა მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელება დაიწყება, მიზნის მისაღწევად ერთმანეთს არ უნდა ვეძიძგილაოთ“, - დასძინა ჯაჭვლიანმა.