გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დღეს დილით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, from.ge რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღებს დაუკავშირდა, სადაც ფაქტი უარყვეს და განაცხადეს, რომ მათი ინფორმაციით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღებმა, ამავე საავადმყოფოს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა, რომლის განცხადებითაც მან აღნიშნულზე არაფერი არ იცის. როგორც from.ge-სთან საუბარში რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახური ნატალია ხურციძე აცხადებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას ვერანაირად ვერ დააზუსტებს, რადგან ხუთ დღეში ერთხელ არის მორიგე და შესაბამისად, არაფერი იცის.
„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მაგის თაობაზე. ვერც ჰოს გეუბნებით და ვერც არას“, - განაცხადა ხურციძემ.
From.ge პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერს, მანანა მანჯგალაძეს დაუკავშირდა.
მანჯგალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა.
„პრეზიდენტი სააკაშვილი ცოტა ხნის წინ გახლდათ რუსთავში, სადაც ბავშვებთან ერთად ახლად გახსნილ საცურაო აუზი მოინახულა და ღონისძიება ჩაატარა. შესაბამისად, საავადმყოფოშიც იყო და ღონისძიებასაც ატარებდე ნამდვილად, რაღაც შეუსაბამობაა. პრეზიდენტი სააკაშვილი ჯანმრთელადაა, კარგადაა, ფორმაშია და განაგრძობს აქტიურ მუშაობას“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი რუსთავში სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გააშუქეს კიდევაც.