აღსრულების ეროვნული ბიურო ბიძინა ივანიშილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან 2 სააღსრულებლო ფურცელი შემოვიდა და დაჯარიმებულს გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულებისთვის 7 დღიანი ვადა მისცა.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოვიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული 2 სააღსრულებო ფურცელი, რომელთა თანახმადაც ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით თანხა 74 325 065. 65 (63 110 095 ლარი და 11 214 970.65 ლარი) ლარის ოდენობით.
საქმესთან დაკავშირებით დღეს დაიწყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. აღნიშნული პროცედურა პირველ ეტაპზე ითვალისწინებს მოვალის გაფრთხილებას 7 დღის ვადაში მოახდინოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება, რომლის გასვლის შემდგომაც იწყება იძულებით აღსრულების კონკრეტული პროცედურები. ასევე ბიძინა ივანიშვილს განემარტება მისი ვალდებულება და ის პროცედურები, რაც გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება მის მიმართ, მისი უფლებები და მოვალეობები“, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.