გორში, ოლიმპიური კედელი დაანგრიეს, რომელზეც ორი ლეგენდარული მოჭიდავის შოთა ჩოჩიშვილისა და შოთა ხაბარელის სახელი და გვარი იყო ამოტვიფრული.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრში მდებარე ოლიმპიური კედელი დაანგრიეს. მის ნაცვლად, როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა განუცხადეს, ბავშვთა ცენტრი შენდება. ახალ შენობას მხატვრების სახელოსნოც შეეწირა. ობიექტზე მომუშავე მუშებმა არ იციან, ვისი დაქირავებულები არიან და რას აშენებენ.
კედელი შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა, გასულ წელს, ააშენა. გვერდიგვერდ ქართულ და ინგლისურ ენებზე ამოკვეთილი იყო საქართველოს ყველა ოლიმპიური ჩემპიონის სახელი, გვარი, ის სახეობა, რომელშიც ოლიმპიური ოქრო მიიღო და მასპინძელი ქალაქი. ჩემპიონებს შორის, ამ რეგიონის ორი ლეგენდარული წარმომადგენლების შოთა ჩოჩიშვილის და შოთა ხაბარელის სახელი და გვარები იყო ამოტვიფრული.