პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და „სახალხო კრების“ წარმომადგენლებს შორის, მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭისყრასთან დაკავშირებით, შეთანხმებას მიესალმება და მათ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
ძიძიგურის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და „სახალხო კრებას“ შორის შეთანხმება სახეზეა და ახლა კონკრეტულად, თანამშრომლობის ფორმატია განსახილველი.
„თანამშრომლობა როგორც ვხედავთ, „სახალხო კრებასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარეობს. ამ თანამშრომლობამ უკვე ასეთი ფორმა მიიღო. ვფიქრობ, ასეთი ტიპის თანამშრომლობა და ურთიერთკოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა საუბრის თემაა, თუ როგორ უნდა მოხდეს მაჟორიტარების დასახელება, რომელ რაიონში ვისი წარდგენა და როდესაც ეს ფორმატიც ჩამოყალიბდება, შესაბამისი განცხადებებაც გაკეთდება“, - განაცხადა ძიძიგურმა.
ცნობისთვის, „სახალხო კრებამ“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეთავაზებული წინადადება კრების აღამსრულებელ საბჭოს სხდომაზე განიხილა.
„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, „კრება“ „ქართული ოცნების“ ლიდერის მიერ, შეთავაზებული წინადადებას მიესალმება და თანამშრომლობის შემდგომი ფორმატი კონკრეტული შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.
ამასთანავე, „კრების“ წარმომადგენლის. ლუკა კურტანიძის განცხადებით, „სახალხო კრების“ წარმომადგენლებს: მას, სოსო ჯაჭვლიანს, გია ბურჯანაძესა და ნონა გაფრინდაშვილს „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურთ.
კურტანიძის განმარტებით, საარჩევნოდ „ქართული ოცნებისა“ და „სახალხო კრების“ თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატი სწორედ პირადად ივანიშვილთან შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს.