კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მედიის მხარდამჭერი აქცია გამართეს სახელწოდებით „ჩემი უფლებაა ვიცოდე“.
აქცია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ოფისთან დღეს გაიმართა. ოფისთან შეკრებილმა 100-მდე ახალგაზრდამ „ქართული მედიაში არსებული დისბალანსი და მედიის ძალადობაზე ორიენტირებული კომისიის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გააპროტესტეს.
მათი თქმით, ის დისბალანსი, რომელიც დღეს ქართულ მედიაშია გამეფებული უნდა შეიცვალოს.
„მოვუწოდებთ კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანს, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება ხალხისთვის და არა ერთი კონკრეტული ადამიანის მიერ დავალებული. ეს უწყება უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და არა ხელისუფლებას”-განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა შოთა ძაგნიძემ.
ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, ,,სტერეო+“ -სთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო, მიუთითებს იმაზე, რომ კომისია არის მიხეილ სააკაშვილის ბოლშევიკური გადაწყვეტილებებიის გამფორმებელი.