პოლიციელის მოსყიდვაში ბრალდებულ, ზაზა ჭელიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. „სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა, დღეს კი ადვოკატები ჭელიძეს მოინახულებენ“, - განაცხადა სესიაშვილმა.
შსს ინფორმაციით, მოქალაქე ზაზა ჭელიძემ, პოლიციელი ლაშა კურტანიძე მოისყიდა და პოლიციელების მოსყიდვის ფარული გადაღება მოსთხოვა. სამინისტროს ცნობითვე ჩანაწერის სანაცვლოდ ჭელიძემ კურტანიძეს, ირაკლი სესიაშვილისგან მიღებული კონვერტი გადასცა, სადაც 3 ათასი დოლარი იყო.
ჩვენებაში ჭელიძე ყვება, რომ კურტანიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი სესიაშვილს გადასცა, სამინისტროს ინფორმაციით, კურტანიძე აღიარებითი ჩვენების შემდეგ მიიმალა და ახლა მასზე ძებნაა გამოცხადებული.
რაც შეეხება სესიაშვილის შეფასებებს, მისი აზრით, ზაზა ჭელიძე პროვოკაციის მსხვერპლია, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს. სესიაშვილის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ზაზა ჭელიძე არა „ქართული ოცნების“ წევრი, არამედ მისი მეგობარი იყო.