პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ჯარიმასთან დაკავშირებით, გაკეთდა თუ არა სპეციალური მიმართვა აღსრულების ბიუროს მიმართ, ამ დრომდე უცნობია.
როგორც აღსრულების ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ბესიკ ლილუაშვილმა from.ge - სთან საუბრისას განაცხადა, აღსრულების ბიუროში ამ დროისთვის საკითხის გარკვევა მიმდინარეობს და მიმართვის დაფიქსირებისთანავე ოფიციალური განცხადება გავრცელდება.
„ცოტა ხანი გვადროვეთ და განცხადებას გავაკეთებთ. აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. ამ ეტაპზე საკითხის გარკვევა მიმდინარეობს. მიმართვისთანავე განცხადებას სხვადასხვა სააგენტოებს მივაწვდით და ჩვენს საიტზეც განვათავსებთ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
საუბარია კონტროლის პალატის სამართალდარღვევის აქტის საფუძველზე „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის ჯარიმის დაკისკრებაზე, რომლის ვადა უკვე ამოიწურა. ბიძინა ივანიშვილის თქმით კი, ის დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
შეგახსენებთ, 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ოქმების საფუძველზე ერთ შემთხვევაში 22 მლნ 429 ათას 941 ლარით, ხოლო მეორე შემთხვევაში 126 მლნ 220 ათას 190 ლარით დააჯარიმა.
სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯარიმის დაკისრების შესახებ, გადაწყვეტილება შეცვალა და ჯარიმა გაანახევრა.
აღსრულების შესახებ კანონის თანახმად, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიურო ერთვება, ამ შემთხვევაში აღსრულების შესაბამისი უწყების სასარგებლოდ დაჯარიმებულ პირს დამატებით ჯარიმის თანხის 7% -ის გადახდა ეკისრება. გარდა ამისა, აღსრულებლის ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაკისრებული თანხა უძრავი ქონების დაყადაღებითა და შემდეგ აუქციონის წესით გაყიდვით ამოიღოს, ან დაჯარიმებული პირის პირადი ანგარიშები დააყადაღოს.