აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან ივან იესტრჟაბისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზადაა ღია და კონკრეტული საუბრებისთვის პარტნიორებთან, სხვა რამისთვის კი მათ დასაკარგი დრო არ აქვთ.
„ ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ და მინდა, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც თავისი გზით იარონ და არა სხვა ქვეყნების წინაშე ვალდებულების გზით. ჩვენ მზად ვართ ღია და კონკრეტული საუბრებისთვის, სხვა რამისთვის კი დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩვენ არასოდეს დავბრუნდებით საქართველოს შემადგენლობაში და მინდა, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც შეიგნონ ეს“,-განაცხადა ანქვაბმა.
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა ივან იესტრჟაბმა ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის აფხაზეთში ორი მიზნითაა ჩამოსული.
„აფხაზეთში ორი მიზნით ვარ ჩამოსული - მინდა არსებულ პრობლემებზე ღიად ვილაპარაკოთ პოლიტიკურ ხელისუფლებასთან და მეორე, გავარკვიოთ რას ითხოვენ აფხაზები, რომ შევძლოთ მათი დახმარება“,-განაცხადა იესტრჟაბმა.
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ივან იესტრჟაბი და მისი მოადგილე მიროსლავ კოზეკოვი სოხუმში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.