პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ "აისს" ესტუმრება და ახალი პროგრამით დაფინანსებულ პროფესიული განათლების სტუდენტებს შეხვდება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუდენტებთან და პედაგოგებთან შეხვედრის შემდეგ, დავით ბაქრაძე კოლეჯში არსებულ საწნახელს, ღვინის სახლს, მარანს, სხვადასხვა სახელოსნოებს დაათვალიერებს და სწავლების პროცესს გაეცნობა.
მათივე ცნობით, მრავალპროფილიან კოლეჯში სტუდენტები ფერმერის, მეღვინე-მევენახის, მეფუტკრის, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლის, სასურსათო პროდუქტების წარმოების, ვეტერინარული მომსახურების, ტრაქტორისტ-მემანქანის, სასტუმრო საქმის მწარმოებელის, მიმღებ რეცეფციონისტის, გიდის (გეოტურიზმი და ა.შ.), ტუროპერატორის (აგრო ტურიზმი), მზარეულის, კალატოზის, მებათქაშის, მეფილე-მომპირკეთებლის, დურგლის, ელექტრიკოსის, ძრავის შემკეთებლის და სავალი ნაწილის ტექნიკოსის პროფესიებს ეუფლებიან.
პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი სისტემა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2012 წლიდან მოქმედებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით უკვე 2500, მათ შორის 1700 სოციალურად დაუცველი სტუდენტია დაფინანსებული.