საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 21 ივნისს, კამპანიის - "ეს შენ გეხებას" ინიციატივას განიხილავენ.
ერთ ერთ საკითხად არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს განიხილავენ.
"ეს შენ გეხებას" მონაწილეთა განმარტებით, პროცედურის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ბიურომ საკითხის განხილვა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უნდა დაავალოს. შესაბამისად, კომიტეტი გადაწყვეტს, მისცემს თუ არა ნებართვას საინიციატივო ჯგუფს 30 000 ხელმოწერით საკანონმდებლო ინიციატივის შეტანასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, კამპანიის - "ეს შენ გეხება" მონაწილე ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. must carry-სა და must offer-ის პრინციპის ასახვის მიზნით, 30 000 ხელმოწერის შეგროვების მოთხოვნით პარასკევს, 15 ივნისს მიმართეს.
იმ შემთხვევაში, თუ კი პარლამენტი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, კამპანიის - "ეს შენ გეხება" მონაწილეები 30 000 ხელმოწერის შეგროვებას საქართველოს მასშტაბით უახლოესი დღეებიდან დაიწყებენ.