ქალაქ ლაზიკასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას 108 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი ერთი დეპუტატი იყო. დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.
ლაზიკასთან დაკავშირებით უმრავლესობას კონსტიტუციაში ცვლილება ისე შეაქვს, რომ არ იცის კონკრეტულად რა ხარჯებს ითვალისწინებს ახალი ქალაქის მშენებლობა.
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ლაზიკასთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაღები თანხების მოცულობით დაინტერესდა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასევე იკითხა რა თანხებით აშენდება ამ ტერიტორიაზე იუსტიციის სახლი.
ბაღათურიას დავით ბაქრაძემ უპასუხა. მან ბაღათურიას განუმარტა, რომ ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ლაზიკას სტატუსი ორგანული კანონით განისაზღვრება, არანაირ ხარჯს აღარ იწვევს.
„თუ კონკრეტული ხარჯები გაინტერესებთ, რიტორიკული კითხვების ნაცვლად, გირჩევთ, კონკრეტული კითხვით კონკრეტულ უწყებას მიმართოთ. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას აუცილებლად მივაქცევ იმას, რომ კითხვა ადრესატს მიუვიდეს. ბატონო ჯონდი, სადეპუტატო შეკითხვა არ არის, ის, რამდენჯერაც კითხვას ინტონაციურად დასვამთ,“ – მიმართა ბაღათურიას ბაქრაძემ.
სპიკერის რჩევის შემდეგ ბაღათურიამ მთავრობას სადეპუტატო კითხვით მიმართა – 2012 წლის ბიუჯეტში ლაზიკასთვის რა ოდენობის თანხა არის გათვალისწინებული?