ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთთან ვაჭრობის შეზღუდვის მოხსნა, ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაციის პრიორიტეტს წარმოადგენს.
ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა მექსიკაში „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ზოგიერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა ჯექსონ-ვენიკის დისკრიმინაციული შესწორება ე.წ „მაგნიტსკის კანონს“ დაუკავშირა. იურისტ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის შემდეგ, ამერიკამ, ამ საქმესთან დაკავშირებულ ზოგიერთ რუს პოლიტიკოსს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამერიკის კონგრესის პროფილურმა კომიტეტმა ეს კანონი უკვე მოიწონა, დღეს მას სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ე.წ „მაგნიტსკის საქმის“ ჯექსონ-ვენიკის შესწორებასთან დაკაშირება „არალოგიკური და არასწორია“.
ჯექსონ-ვენიკის შესწორება ამერიკაში 1974 წელს კონგრესმენების ჰენრი ჯექსონისა და ჩარლზ ვენიკის ინიციატივით მიიღეს, იგი სოციალისტური ქვეყნების ამერიკასთან ყოველგვარ ვაჭრობას ზღუდავდა.