პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, რთულია იმის თქმა, სასამართლოს მიერ კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილისადმი დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობის გამო, რა შეიძლება მოიმოქმედოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
ქუცნაშვილის განცხადებით, კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა და აცხადებს, რომ საინტერესოა კიდევ რას მოიმოქმედებენ აბსურდის ავტორები.
„ჯერ ერთი დაჯარიმების საფუძველი არ არსებობს, ეს თითიდან გამოწოვილი საფუძველია, რომ პარტიებს გაუთანაბრეს გლეხიკაცი, რომელ გლეხკაცსაც „გლობალ ტვ“ - მ თეფში დაუყენა. ამათ ჩათვალეს, რომ უკანონო შემოწირულობა განხორციელდა, ამ დროს კანონმდებლობა უკანონო შემოწირულობას კრძალავს პარტიებთან მიმართებაში. ეს შემოწირულობადაც რომ ჩათვალოთ, გლეხი კაცი პარტია და ინტელიგენტი კაცი პარტია არაა. აბსურდს, სისულელეებს ამბობენ, როცა საუბრობენ, რომ დაჯარიმების საფუძველი ბიძინა ივანიშვილის მიერ, „გლობალ.ტვ“-ის მეშვეობით პარტიისთვის უკანონო შემოწირულობის განხორციელებაა“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება, აღსრულების ბიუროს კომპეტენციას იძულებით ამოიღოს ეს თანხა ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ამას კანონი არეგულირებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ „არ ვიცი გამოიყენებენ ამ კანონს, თუ რას მოიმოქმედებენ. ეს მათი გადასაწყვეტია“
შეგახსენებთ, კონტროლის პალატის ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა დღეს, 19 ივნისს ეწურება.
კონტროლის პალატის პრესსამსახურის ცნობით, ვადის ამოწურვის შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს კონტროლის პალატის მოთხოვნით, სასამართლო მიმართავს.